ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაა. როგორც ირაკლი კობახიძემ გორში, „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლების კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ რაციონალურ და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე.
„ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, ასევე, თავისუფლების განმტკიცება, დემოკრატიის განმტკიცება და ჩვენ ვახერხებთ არა მარტო მიღწეული შედეგის შენარჩუნებას, არამედ კიდევ უფრო განვითარებას ჩვენი ქვეყნისა ამ მიმართულებით, ასევე, ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, და ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით და მათ შორის, ჩვენს რეგიონში. და ასევე, თქვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ვახერხებთ სტაბილურობის ხარისხის გაუმჯობესებას ჩვენი ქვეყნისთვის და ესეც არის ჩვენი, „ქართული ოცნების“ ძალიან კარგად გააზრებული, რაციონალური და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგი“,- მიმართა დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით აგრძელებს წინსვლას. მისივე თქმით, ერთად დგომის შედეგად, მოხერხდა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოგვარება.
„ ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, ყველა მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის დამსახურება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მივაღწიეთ ძალიან დამაჯერებელ წარმატებას. იყო უამრავი პრობლემა, განსაკუთრებით გორის მუნიციპალიტეტში, გორის მუნიციპალიტეტებში, გახსოვთ თქვენ როგორი რთული ვითარება იყო საკრებულოებში, მერია, გამგეობა და ა.შ. და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის საფუძველზე, მოვახერხეთ ამ პრობლემების სათანადოდ გადაჭრა და დღეს უკვე, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მუნიციპალიტეტი შეუფერხებლად ახორციელებს თავის ფუნქციებს და ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო გაცემული გარკვეული დაპირებები, პარტიული დაპირებები წინა კონფერენციაზე და ეს დაპირებები ორი წლისთავზე იქნა პირნათლად შესრულებული და ბუნებრივია, ეს შედეგი ვერ მიიღწეოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თითოეული ჩვენგანის ერთად დგომის გარეშე“,- აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.