ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ გარშემო რაც უფრო მეტი ხმა იქნება მობილიზებული, მით უფრო მყარი იქნება მშვიდობის გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის
რაც უფრო მეტი ხმა იქნება მობილიზებული „ქართული ოცნების“ გარშემო, მით უფრო მყარი იქნება მშვიდობის გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი და მოქმედებს არა ეროვნული ინტერესებით, არამედ გარედან მიღებული დაკვეთით.
„ეს დაკვეთა არის ის, რომ რაღაცნაირად უნდა მოახერხონ მათ ხელისუფლების შეცვლა. არჩევნებით ვერ ახერხებენ, ამიტომ გათვლა აქვთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე. დაკვეთა არის ეს, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში მათ ჰქონდათ კონკრეტული დავალება, მეორე ფრონტამდე უნდა მიეყვანათ ეს ქვეყანა, ამიტომ ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, სხვა რაღაცებზე აღარ მინდა საუბარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტზე არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ NGO-ების წარმომადგენლებიც კი და უამრავი ფაქტი არსებობს, რომლებიც ამას ადასტურებს, არქივი არ იშლება. აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ დაკვეთა, დავალება, ამას ვერ მიაღწიეს და ეს არის ბოლო გაბრძოლება. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ცალსახად, რომ ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი. ეს არის ბოლო გაბრძოლება მათი მხრიდან, რაღაცნაირად ჩართონ ქვეყანა იმ ომში, რომელიც დაიწყო, სამწუხაროდ, უკრაინაში. ჩვენთვისაც, სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც, საბოლოო ჯამში, განმტკიცდება მშვიდობა. ამიტომ არის საჭირო ქუდზე კაცის მობილიზაცია, რაც უფრო მეტი ხმა იქნება მობილიზებული „ქართული ოცნების“ გარშემო, მით უფრო მყარი იქნება მშვიდობის გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაშიც“, – განაცხადა პრემიერმა.