ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი

დღეს ვითარება ქვეყანაში არის რადიკალურად შეცვლილი, რაც არის „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ქვეყნის განვითარებაში გარდატეხის შეტანა 2012 წელს მოხდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობითა და მოქალაქეთა თანადგომით, პოლიტიკურ პროცესებში არსებითი ცვლილებები განხორციელდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს წინსვლა ყველა მიმართულებით გრძელდება.

„2012 წელს, როდესაც ჩამოყალიბებული იყო ქვეყანაში არადემოკრატიული მმართველობა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თითოეული თქვენგანის თანადგომით, ერთად დგომით, ჩვენ შევძელით არსებითი ცვლილებების შეტანა ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში და დღესაც ჩვენი ქვეყანა თქვენი დამსახურებით აგრძელებს წინსვლას, აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულებით. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს ადამიანის უფლებების სფეროში, თავისუფლების, დემოკრატიის სფეროში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლიდან, არამედ ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ამისათვის ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენს ქვეყანაში“,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო წლებში, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვითარდება ეკონომიკა და „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ევროპის მასშტაბით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მყარდება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციები და იზრდება სტაბილურობის ხარისხი, რაც, მისივე შეფასებით, პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.

„ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმ პროექტებს, რომლებზეც დეტალურად ისაუბრა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ ის, რომ გასულ წელს ქვეყანას, საქართველოს, ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის რეგიონის ქვეყნებში, რაც არის „ქართული ოცნების“ ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ასევე, ჩვენ ვიმყარებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს და იზრდება საქართველოს სტაბილურობის ხარისხი, რაც არის ჩვენი რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. დღეს ვითარება ქვეყანაში არის რადიკალურად შეცვლილი, რაც არის „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგი“,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ორი წლის წინ გაცემული დაპირებები პირნათლად შესრულდა, განახლდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და პარტია საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების წინაშე განახლებული გუნდით წარდგა, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა.

„დღეს, ორი წლის თავზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის დაპირებები, რომლებიც იქნა გაცემული მაშინ პირნათლად შესრულდა. ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური აპარატის გაძლიერება, მათ შორის განსაკუთრებით მისი რეგიონალური სამსახურის გაძლიერება და ეს ამოცანა სათანადოდ განხორციელდა. ასევე, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების გაძლიერება. იმ დროისთვის საერთოდ დაკეტილი იყო ადგილობრივი პარტიული ოფისები, ასეთი მდგომარეობა იყო შექმნილი და ჩვენ მოვახერხეთ ადგილობრივი ორგანიზაციების ფეხზე დაყენება და გაძლიერება, რის საფუძველზეც სათანადოდ მოვემზადეთ ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ განახლდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით ორი წლის წინ, კონფერენციების შემდეგ ყრილობაზე ჩატარდა პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, აირჩა ახალი თავმჯდომარე.

ასევე, „ქართული ოცნება “ წარსდგა განახლებული გუნდით საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოების წინაშე და ესეც გახდა ერთ-ერთი წინა პირობა ჩვენი საარჩევნო წარმატების. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ იყო ჩამოყალიბებული კოალიცია „ქართული ოცნება“ და ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე პარტია დამოუკიდებლად წარსდგა არჩევნებზე საზოგადოების წინაშე და ესეც გახდა მნიშვნელოვანი საფუძველი ჩვენი საარჩევნო წარმატებისათვის. ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში და დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ორგანოში“,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ამოცანა იყო ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის განეიტრალება. მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს საფრთხე აღარ არსებობს.

„ცალკე მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი ამოცანა იყო ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის განეიტრალება. შეგახსენებთ, რომ იმ დროისათვის „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ წარმოადგენდა გარკვეულ საფრთხეს ქართული დემოკრატიისათვის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ეს პრობლემა საქართველოში აღარ არსებობს და „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიისათვის, რაც არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი დამსახურება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო 2017 წელს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის საფუძველზეც, პოლიტიკური გუნდები ადგილობრივ დონეზე განახლდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, აღნიშნული მოსახლეობის ინტერესების დაცვასა და მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევაზე განახლებული ენერგიით ზრუნვის შესაძლებლობას იძლევა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ დიდი წარმატება იქნება მიღწეული საპრეზიდენტო არჩევნებზეც. როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტიული რეფორმის მეორე ტალღა განხორციელდება.

„ახლა წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები, მიმდინარე წლის ოქტომბერში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის საფუძველზე ამ არჩევნებშიც ძალიან დიდ წარმატებას ვიზეიმებთ. შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენ გვაქვს დაახლოებით ორწლიანი პერიოდი,საპრეზიდენტოდან საპარლამენტო არჩევნებამდე იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვიზრუნოთ პარტიის გაძლიერებაზე და დაგეგმილია პარტიული რეფორმის მეორე ტალღის განხორციელება, რის საფუძველზეც „ქართული ოცნება“ საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის პარტიად, რომელიც აქტიურდება არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც არის უშუალოდ ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვაში და ამ პროცესების მართვაში.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ის წარმატება, წინსვლა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც აქვს ჩვენს პარტიას, არის თითოეული თქვენგანის, თითოეული ჩვენგანის დამსახურება და ბუნებრივია, მინდა, რომ ამისათვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის, ერთად დგომისთვის, რომლის გარეშეც ჩვენი საერთო წინსვლა იქნებოდა შეუძლებელი“,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიღწეულ წარმატებებთან ერთად, სიტყვით გამოსვლისას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზეც. მისი თქმით, საჭიროა ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

„გამოწვევები რჩება უამრავი ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. საჭიროა კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარება ჩვენი ეკონომიკის, იმისათვის, რომ გაძლიერდეს სახელმწიფო. ასევე, უნდა აღინიშნოს ის, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, მათ შორის თელავში, კახეთის რეგიონში, ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და არსებული რესურსების სიმწირის პირობებში ძალიან რთულია თითოეული ადამიანისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის, ბუნებრივია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც არის, სამწუხაროდ, კვლავაც დარღვეული და ასევე, უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნები არის ჯერ კიდევ მისაღწევი. ეს არის ძირითადი გამოწვევები და ამ პრობლემების დაძლევას, სირთულეების დაძლევას სჭირდება, რა თქმა უნდა, ყოველდღიური შრომა, ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ერთად დგომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის და ერთმანეთის თანადგომის პირობებში ეს მიზნები იქნება აუცილებლად მიღწეული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.