ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის გაერთიანებად, რომელიც არჩევნებამდე პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკური პროცესების მართვაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გორში, „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსა და პარტიის რეფორმირების ახალ ტალღაზე ისაუბრა. „დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომის საფუძველზე, დამაჯერებელი წარმატება იქნება მიღწეული საპრეზიდენტო არჩევნებზეც”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში რეფორმის მეორე ტალღა განხორციელდება და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად.
„წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის საფუძველზე ამ არჩევნებშიც მივაღწევთ ძალიან დამაჯერებელ წარმატებას. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ გვაქვს დაახლოებით ორწლიანი პერიოდი არჩევნების გარეშე, ყოველ წელს გვიწევს ხოლმე არჩევნები, თუმცა გვაქვს ერთი გამონაკლისი წელი, 2019 წელი, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ და განვახორციელოთ პარტიული რეფორმის მეორე ტალღა, რომლის საფუძველზეც „ქართული ოცნება“ უკვე საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არა მხოლოდ არჩევნების დროს აქტიურდება, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკური პროცესების დაგეგმვაში და ამ პროცესების მართვაში. ჩვენი ქვეყნისა და პარტიის წარმატება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის თითოეული თქვენგანის, თითოეული ჩვენგანის დამსახურება და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი წვლილისთვის, ერთგულებისთვის, ერთად დგომისთვის, რის გარეშეც წინსვლა იქნებოდა შეუძლებელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორი წლის წინ გაცემული დაპირებები პარტიის ცენტრალური აპარატისა და მისი რეგიონული სამსახურის გაძლიერების შესახებ, პირნათლად შესრულდა და შედეგად, პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს სათანადოდ მომზადებული შეხვდა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო ისიც, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო.
„ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სერიოზულად უნდა გაძლიერებულიყო პარტიის ცენტრალური აპარატი, მათ შორის, მისი რეგიონული სამსახური, ამის საფუძველზე უნდა გაძლიერებულიყო ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციები და ეს იყო დასახული მიზანი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და ამის შედეგად, პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს სათანადოდ მომზადებული შეხვდა. ასევე, ჩვენ განვაახლეთ პარტიის პოლიტიკური გუნდი. არჩეულ იქნა კონფერენციის შემდეგ პარტიის ახალი თავმჯდომარე და „ქართული ოცნება“ წარსდგა განახლებული გუნდით საპარლამენტო არჩევნებზე, რაც ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო ასევე, მახსოვს, რომ ჩვენ ამ დარბაზში ვსაუბრობდით მაშინდელ რეალობაზე. მაშინ, მოგეხსენებათ, ჩამოყალიბებული იყო კოალიცია „ქართული ოცნება“ და ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ „ქართულ ოცნებას“, პარტიას დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და ეს მიზანიც იქნა მიღწეული. ჩვენ დამოუკიდებლად მივიღეთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და ესეც გახდა ჩვენი საარჩევნო წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი და წინაპირობა. ამ ყველაფრის შედეგად, კარგად დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად, და რაც მთავარია, მოსახლეობის მხარდაჭერით, ჩვენ მოვახერხეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. ეს იყო ძალიან რთული არჩევნები, ეს არ იყო იოლი არჩევნები. მაშინ ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ წარმოადგენდა საფრთხეს ქართული დემოკრატიისთვის და ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩვენ უნდა გაგვენეიტრალებინა ეს საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის. ეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს მიზანი არის პირნათლად მიღწეული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.