ირაკლი კობახიძე - ქართულ საზოგადოებაში რადიკალური ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა შემცირდა, ხალხი ხედავს, საით ექაჩებოდა რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას და შედეგიც სახეზეა
ქართულ საზოგადოებაში რადიკალური ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა შემცირდა. ქართველი ხალხი ხედავს, საით ექაჩებოდა რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას ამ ოთხი წლის განმავლობაში და შედეგიც სახეზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია მთელი წლების განმავლობაში ვერცერთხელ ახერხებს არჩევნების შედეგების აღიარებას.
„გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი. ჩვენ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან სხვაობა, მხოლოდ სხვაობა გვაქვს 43%. ხუთჯერ ჩამოგვრჩება მეორე ადგილზე გასული პარტია. ასევე, რაც შეეხება ოპოზიციას, მცირე მონაცემები მინდა გაგაცნოთ: წინა არჩევნებზე, 2021 წელს, რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღო 845,000-ზე მეტი ხმა, ახლა მხოლოდ – 770,000 ხმა. ეს ნიშნავს იმას, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი რეიტინგი და მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ ურთულეს პერიოდში თან, ამ ოთხი წლის განმავლობაში შემცირდა მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ ქართულ საზოგადოებაში. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. ქართველი ხალხი ხედავს იმას, თუ საით ექაჩებოდა რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას ამ ოთხი წლის განმავლობაში და შედეგიც არის სახეზე. ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისთვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერცერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას, მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი ამ არჩევნებში. ისინი კიდევ ერთხელ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებდნენ ამ არჩევნებს, თუმცა ახლა კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ ალბათ, თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს და აღიარონ, რომ ატყუებდნენ მათ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ არასდროს ვატყუებთ ამომრჩეველს. ჩვენ ვამბობდით, როგორი დამაჯერებელი იქნებოდა ჩვენი გამარჯვება და შედეგიც არის სახეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას.
„კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ ამ შემთხვევაშიც მთელი რიგი „ენჯეოები“, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რადიკალურ პარტიებთან ერთად დაუპირისპირდნენ კიდევ ერთხელ, ოთხ წელიწადში უკვე მესამედ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, ეს არის უიმედო, იმედდაკარგული, უფრო სწორად, პოლიტიკოსების სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.