ირაკლი კობახიძე - ქართულ პოლიტიკაში არის პროდასავლური ძალების ადგილი და არა რუსული საქმის მკეთებელი რადიკალური ოპოზიციის
ძალიან შემაშფოთებელია ის ანტიამერიკული და ანტიევროპული თავდასხმები, რომლითაც გამოირჩევა რადიკალური ოპოზიცია, ეს პოლიტიკური პარტიები ახდენენ თვითლუსტრაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ასეთი ძალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“.
„ახლა როგორი სიტუაციაა დააკვირდით, რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ს და ამასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებს გამომდინარე იქედან, რომ საერთაშორისო პარტნიორების დაკვეთით ჩატარდა ეს კვლევა. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ძალიან შემაშფოთებელია ის გახშირებული თავდასხმები, ანტიამერიკული და ანტიევროპული თავდასხმები, რომლითაც გამოირჩევა რადიკალური ოპოზიცია. ეს არის შემაშფოთებელი, მაგრამ ეს კარგიც არის გამომდინარე იქედან, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ახდენენ თვითლუსტრაციას. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ესენი არიან რეალურად, რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური პარტიები და ამ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი გამოირჩევიან თავდასხმებით არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე, ამით ისინი ამხელენ საკუთარ თავს. ასეთი ძალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ქართულ პოლიტიკაში არის პროდასავლური ძალების ადგილი და არა რუსული საქმის მკეთებელი რადიკალური ოპოზიციის ადგილი“, – განაცხადა კობახიძემ.