ირაკლი კობახიძე - პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობაში ცვლილებას, სათანადოდ იქნა შესრულებული, დეპოლარიზაცია მხოლოდ ჩვენ მიერ ვერ შესრულდება
ირაკლი კობახიძე - პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობაში ცვლილებას, სათანადოდ იქნა შესრულებული, დეპოლარიზაცია მხოლოდ ჩვენ მიერ ვერ შესრულდება

იმედი გვაქვს, დღეს ჩვენი მიღწევები სათანადოდ იქნება შეფასებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისა და დღეს სტოკჰოლმში მიმდინარე მინისტერიალზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა პუნქტს პირნათლად ვასრულებთ. არის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობაში ცვლილებას და ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ იქნა შესრულებული ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ისეთ პუნქტებს, რომლებიც არ უკავშირდება კანონების მიღებას, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული პუნქტების შესრულება. იგივე დეპოლარიზაცია მხოლოდ ჩვენ მიერ ვერ შესრულდება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი შეფასებები. მაგრამ რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, იქ ყველა პუნქტი იქნა პირნათლად შესრულებული. თუ სადმე იქნება კითხვები, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. თუ იქნება დამატებითი დახვეწის ინტერესი, აქაც, რა თქმა უნდა, მზად ვართ დისკუსიისთვის. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დღეს ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ შეფასებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.