ირაკლი კობახიძე - პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე
პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანის რაიონში.
„ახლახან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი, შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამართალდამცავ ორგანოებს საკითხით მყისიერი დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. მოვუწოდებთ ყველას – ხვალ, არჩევნების დღეს, უზრუნველყონ კენჭისყრის კანონის სრული დაცვით, მშვიდ ვითარებაში წარმართვა, შექმნან სათანადო გარემო ჩვენი მოქალაქეების მიერ საარჩევნო უფლების თავისუფალ გარემოში რეალიზებისათვის. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.