ირაკლი კობახიძე - პროპორციული სისტემა არის ფენომენი, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული პარლამენტარიზმისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებასთან
საქმე ეხება ფუნდამენტურ ცვლილებას. ეს არის ცვლილება, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ისტორიას ცვლის. ჩვენ, დღეს ვსაუბრობთ პროპორციულ სისტემაზე, ეს არის ფენომენი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული პარლამენტარიზმთან, პარლამენტარიზმის განვითარებასთან, პოლიტიკური კულტურის განვითარებასთან. სწორედ იმიტომ გვინდა შემოვიტანოთ ეს ცვლილება, რომ ეს ყველაფერი განვითარდეს. განვითარდეს პარლამენტარიზმი და პარტიული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მოწოდებები, რომ კენჭისყრა დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემის გარეშე გაიმართოს, მიუღებელია და პარლამენტარიზმის მთავარ და ძირითად პრინციპებთან შეუსაბამო.
კობახიძის განცხადებით, მსგავსი მოწოდებებით, ოპოზიცია საკუთარ რეალურ სახეს წარმოაჩენს.
„ამ ფონზე, როდესაც ჩვენ გვესმის ის, რომ განხილვის გარეშე დეპუტატები უნდა დავაიგნოროთ, რომ მათ პასუხები არ უნდა გავცეთ, სულ რომ გვერდზე გადავდოთ ფორმალიზმი პროცედურების, ეს არის პარლამენტარიზმის თავზე დამხობა. ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს არის ხალხი, ინიციატორით დაწყებული და ტაშის დამკვრელით დამთავრებული, ვინც საქართველოში მარხავდა პარლამენტარიზმს ცხრა წლის განმავლობაში. პირდაპირ კენჭისყრა ეს არის მიუღებელი. როდესაც დეპუტატებს პირდაპირ ეუბნებით, რომ ისინი არიან ღილაკზე თითის მიმჭერები, ეს ვერ იქნება შედეგის მომტანი. ეს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს 2012 წელს, როდესაც 150 დეპუტატი, და აქ შედიოდა როგორც ნაცმოძრაობა, ასევე მისი მართული ოპოზიცია, ღილაკზე აჭერდა ხელს. ეს დრო დამთავრდა. ჩაბარდა წარსულს, როდესაც ფორმალურად განიხილავდნენ აქ კანონპროექტებს და როდესაც დეპუტატები, მათ შორის ოპოზიციაც, მხოლოდ ღილაკს აჭერდა ხელს. როდესაც განვიხილავთ ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს და თქვენ დეპუტატს ეუბნებით, რომ მხოლოდ ღილაკს თითი უნდა მიაჭიროს, ეს მეტყველებს იმ პოლიტიკურ კულტურაზე, რომელიც თქვენ გქონდათ ცხრა წლის განმავლობაში და რომლითაც თქვენ აგრძელებთ ცხოვრებას მომდევნო რვა წლის განმავლობაში. ეს არის თქვენი სახე“,-განაცხადა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.