ირაკლი კობახიძე - პროპორციულ სისტემებში მთავარი სტაბილიზატორი არის ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი
ირაკლი კობახიძე - პროპორციულ სისტემებში მთავარი სტაბილიზატორი არის ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი

რეალურად, ოპოზიციური პარტიები უყურებენ რეიტინგებს და ეს რეიტინგები მათ არ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ თუ ბარიერი დაბლა იქნება დაწეული, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ერთობლიობაში მოახერხებენ დაახლოებით იმდენი პროცენტის მიღებას, რამდენსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად არის მრავალპარტიული და მრავალფეროვანი, რადგან თუ გამოვაკლებთ რამდენიმე დეპუტატს, დანარჩენი ოპოზიცია არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „ლელო“, გახარია, ჯაფარიძის „გირჩი“ და ა.შ. არიან პოლიტიკური კლუბები, რომლებიც თავიდან ბოლომდე განეკუთვნებიან „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“.

„რაც შეეხება დაპირებას, ეს იყო პირობადადებული დაპირება და უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ კონკრეტული ძალები ბლოკავდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ეს იყო გზავნილი არსებითად მათ მიმართ. რომ არ დაებლოკათ 2022 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენ წავიდოდით ამ ნაბიჯზე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნაბიჯი აძლიერებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. გარდა ამისა, ითქვა, რომ თუ 2022 წლის დეკემბერში ჩვენ მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, აღარ გაგრძელდებოდა ეს პოლარიზაციის კამპანია, რაც თავიდან ბოლომდე კანდიდატის სტატუსზე იყო მიბმული. თუმცა ეს არ გაითვალისწინეს შესაბამისმა ძალებმა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პროპორციულ სისტემებში მთავარი სტაბილიზატორი არის ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი და რომელიც ევროკავშირის უმეტეს წევრ ქვეყნებში მოქმედებს.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ გადახედოთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ოთხი ქვეყანა, სადაც სამპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს. ეს არის ნიდერლანდები, დანია, ესპანეთი, იტალია. სხვა სახელმწიფოებში მოქმედებს ხუთპროცენტიანი ან, უფრო იშვიათად, ოთხპროცენტიანი ბარიერი, რადგან პროპორციული სისტემის პირობებში რაღაცამ უნდა დააბალანსოს ის პრობლემა, რასაც ჰქვია შესაძლო არასტაბილურობა პოლიტიკურ სისტემაში და პროპორციულ სისტემებში მთავარი სტაბილიზატორი არის სწორედ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ჩვენც გვჭირდება ეს სტაბილიზატორი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა დემოკრატიულ პროცესებში და სწორედ ამას ემსახურება ის ხუთპროცენტიანი ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.