ირაკლი კობახიძე - საარჩევნო სისტემა აძლევდა „ნაცმოძრაობას“ ავტორიტარიზმის განმტკიცების საშუალებას, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ უნდა გავაკეთო არჩევანი პროპორციულ სისტემაზე
პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, ამომრჩევლის მხარდაჭერა ზუსტად, თითქმის პირდაპირ პროპორციულად აისახება პარლამენტში განაწილებულ მანდატებში, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენისას ირაკლი კობახიძემ პროპორციული სისტემის დადებით მხარეებზე ისაუბრა.
„მთავარი დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ პროპორციული სისტემის პირობებში ამომრჩევლის მხარდაჭერა ზუსტად, თითქმის პირდაპირ პროპორციულად აისახება პარლამენტში განაწილებულ მანდატებში, რამდენ პროცენტსაც იღებს პარტია, თითქმის იმდენ მანდატს იღებს პარტია პარლამენტში, ეს არის პირველი დადებითი მხარე. ასევე უზრუნველყოფილია პოლიტიკური პლურალიზმის მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, ეს არის მეორე დადებითი მხარე. პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე უკეთ უწყობს ხელს პარტიული სისტემის კონსოლიდაციასა და პარტიული სისტემის განვითარებას, მის ინსტიტუციონალიზაცისას. ვთქვით, რომ დღევანდელი პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ პარტიული სისტემა არ არის ჩამოყალიბებული. დღეს საქართველოში პარტიული სისტემა, როგორც ასეთი, არ გვაქვს. პარტიული სისტემა არ არის პარტიების უბრალო ჯამი, ეს არის გარკვეული სისტემური კავშირების ერთიანობა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც ასე აკლია დღეს ჩვენს პარტიულ სისტემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დეპუტატის შეფასებით, ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი შერეული საარჩევნო სისტემაა, რომელიც საქართველოში გასული წლების განმავლობაში იყო.
როგორც კობახიძემ განმარტა, აქედან გამომდინარე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პარტიული სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„თითქმის სრულად გამოირიცხება ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბება. ესეც არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი დადებითი მხარე. მთავარი მიზეზი და საფუძველი, რატომაც ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემას არის ის ცხრაწლიანი გამოცდილება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში. ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ამ სისხლიანი რეჟიმის იყო სწორედ საარჩევნო სისტემა, სწორედ საარჩევნო სისტემა აძლევდა „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების კონსოლიდაციის საშუალებას, საშუალებას, რომ თავისი ავტორიტარიზმი განემტკიცებინა. შესაბამისად, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ უნდა გავაკეთო არჩევანი სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მისივე შეფასებით, პროპორციული სისტემის კიდევ ერთი დადებითი მხარეა, რომ მეტ ქალს ეძლევა წარმომადგენლობის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტში.
„ეს არის დადებითი მხარეები. თითოეული დადებითი მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ყველა სისტემას აქვს თავისი მინუსები და პლუსები. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ, სად არის მეტი პლუსი და სად არის მეტი მინუსი. ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ მთავარი ამოცანა, მთავარი გამოწვევა ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს არის ავტოკრატიის ყოველგვარი თეორიული შანსის გამორიცხვა და ამის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა პროპორციული სისტემა. აქედან გამომდინარე, მე ვარ ამ სისტემის მხარდამჭერი და თქვენც მოგიწოდებთ მხარდაჭერისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარდაჭერა უკვე გამოხატა.
„ეს მხარდაჭერა თითოეულმა ჩვენგანმა უკვე გამოვხატეთ, ვგულისხმობ საპარლამენტო უმრავლესობას, არც იმ შემთხვევაში დაუჭირა მხარი ოპოზიციამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მათ არ დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო რეფორმას, არ უნდოდათ ყოფილიყვნენ თანაზიარი ფუნდამენტური რეფორმის, რომელმაც აბსოლუტურად პროავტორიტარული სისტემა ჩაანაცვლა დემოკრატიული საკონსტიტუციო სისტემით. გახსოვთ 2010 წელს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო კონსტიტუცია, ახალი რედაქციის ერთადერთი მიზანი იყო, რომ განემტკიცებინათ სააკაშვილის ძალაუფლება, გაეხანგრძლივებინათ უკვე პრემიერის რანგში მისი ჭარბი ავტორიტარული, თითქმის ტოტალიტარული ძალაუფლება, ეს იყო მთავარი მიზანი და ჩვენ ეს პროავტორიტარული კონსტიტუცია შევცვალეთ ახალი ევროპული სტანდარტების კონსტიტუციით. თუმცა, იქაც კი არ მოინდომა ოპოზიციამ მხარდაჭერა. ეს მათ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული პოლიტიკური კულტურა უნდა განვითარდეს და სწორედ პროპორციული სისტემა იძლევა საშულებას, ზოგადად განვითარდეს პოლიტიკური კულტურა საქართველოში.
„ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ამით არაფერი ეშველება, მაგრამ ზოგადი პოლიტიკური კულტურა ამით განვითარდება, ამიტომ მოგიწოდებთ მხარდაჭერისკენ“, – მიმართა დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ.