ირაკლი კობახიძე - პროცესებს სხეულის დაზიანების არც ერთი ფაქტი არ მოჰყოლია, რაც მეტყველებს, რომ შსს მოქმედებდა თანაზომიერების, პროპორციულობის სულისკვეთებით
ირაკლი კობახიძე - პროცესებს სხეულის დაზიანების არც ერთი ფაქტი არ მოჰყოლია, რაც მეტყველებს, რომ შსს მოქმედებდა თანაზომიერების, პროპორციულობის სულისკვეთებით

იყო თუ არა ბოლომდე პროპორციული ჩარევა, რაც განხორციელდა, დამატებით შესწავლას საჭიროებს​, თუმცა რაც შსს-სგან მოვისმინეთ, შეგვიძლია, გამოვიტანოთ დასკვნა, რომ შესვლის, ჩარევის მიზანი იყო ლეგიტიმური .  ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩარევა იყო ასევე პროპორციული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ დღეს გვქონდა შეკრება. შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ იყო კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია,  დაგეგმილი იყო ნარკოტიკების რეალიზება. ეს ინფორმაცია გახდა კონკრეტული საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი და აქედან გამომდინარე იმოქმედა შსს-მ. მიზანი იყო ნათელი და მკაფიო.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ბოლომდე პროპორციული ის ჩარევა, რაც განხორციელდა, ეს დამატებით შესწავლას საჭიროებს​. თუმცა, რაც ჩვენ მოვისმინეთ შსს-სგან, იქიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა – შესვლის, ჩარევის მიზანი იყო ლეგიტიმური; ეს ჩარევა იყო ასევე პროპორციული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გუშინ განვითარებულ პროცესებს სხეულის დაზიანების არც ერთი შემთხვევა არ მოჰყოლია, რაც მეტყველებს, რომ შსს პროპორიულობის სულისკვეთებით მოქმედებდა. კობახიძის განცხადებით, სამართალდამცველებს ხელკეტიც კი არ გამოუყენებიათ.

„რაც შეეხება იქ შესულ ადამიანთა, შსს-ს წარმომადგენელთა რაოდენობას, ამაზეც მივიღეთ ინფორმაცია. ითქვა, რომ იყო პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განხორციელებული. რაც ხდებოდა გარეთ, იქაც, რასაც ვუყურებდი, ჩარევა იყო არსებითად თანაზომიერი.  ხელკეტიც კი არ გამოუყენებია შსს-ს იმ პროცესებში, რაც ჩვენ ვიხილეთ. სხეულის დაზიანების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, იმდენად რბილად მოქმედებდა შსს, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ამას ბევრი თვითმხილველი ადასტურებს და ვხედავდით სატელევიზიო ეთერში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შსს მოქმედებდა თანაზომიერების, პროპორციულობის სულისკვეთებით. დღესაც რუსთაველის გამზირზე ყველანაირი საშუალება ჰქონდათ მანიფესტანტებს, განეხორციელებინათ საკუთარი უფლება, შეკრების თავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის ფუნქცია არის ზედამხედველობა, ამიტომ პარლამენტი დაინტერესდება დეტალებით.

„დამატებით დავინტერესდებით დეტალებით და როდესაც გვექნება მეტი ინფორმაცია, უკვე საბოლოოდ შეიძლება ითქვას, თუ რამდენად იყო ბოლომდე და სრულად დაცული ადამიანის უფლებები“, – განაცხადა კობახიძემ.