ირაკლი კობახიძე - პრობლემა არის პოლიტიკური ინტერესი, რაც 2012 წლამდე ჰქონდათ კონკრეტულ სენატორებს, ევროპარლამენტარებს და აქვთ 2012 წლის შემდეგაც
ირაკლი კობახიძე - პრობლემა არის პოლიტიკური ინტერესი, რაც 2012 წლამდე ჰქონდათ კონკრეტულ სენატორებს, ევროპარლამენტარებს და აქვთ 2012 წლის შემდეგაც

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ფასეულია ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც არგუმენტებს ეფუძნება.

კობახიძის თქმით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სენატორებისგან ვერ მოისმინა ვერავითარი არგუმენტი, არამედ იყო მშრალი, უსამართლო კრიტიკა.

„ბუნებრივია, ჩვენთვის ფასი აქვს ნებისმიერ კრიტიკას, რომელიც არგუმენტებს ეფუძნება. ამ შემთხვევაში, ვერ მოვისმინეთ ვერავითარი არგუმენტი, იყო მშრალი კრიტიკა, უსამართლო კრიტიკა, რომელსაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. სამწუხარო რეალობაა, რაც ვიხილეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიის გადახედვაზე ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის  განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, შაჰინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობს, რის გამოც არ ჰგონია, რომ ამ განცხადებას რაიმე ფასი შეიძლება, ჰქონდეს.

როგორც კობახიძე ამბობს, საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორულ ურთიერთობას განაგრძობს.

„რაც შეეხება პარტნიორობის გადახედვაზე განცხადებას, ის გააკეთა სენატორმა შაჰინმა, რომელიც 2012 წლამდე მეგობრობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სამწუხაროდ, მას შემდეგაც გააგრძელა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობა. შესაბამისად, არ მგონია, ამ განცხადებასაც რაიმე ფასი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას და გავაღრმავებთ ურთიერთობებს ამ კუთხით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს ელოდება, ხომ არ ფიქრობთ, რომ სენატორების ასეთი განცხადებები ამ ყველაფერს დააზიანებს, კობახიძის თქმით, შესაძლოა, ასეთი განცხადებების მიზანიც ეს არის.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი ინტენსიურად იმუშავებს, რათა ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12-ვე პუნქტი შესრულდეს.

„ალბათ მიზანიც ეს არის. ვიღაცებს არ უნდათ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ალბათ ეს არის ასეთი განცხადების მიზანი, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა მიზანი. ჩვენი საზოგადოების, პოლიტიკური ძალის მიზანია, წინ წავიწიოთ ევროპის მიმართულებით და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა თორმეტივე პუნქტი შესრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კიდევ ერთ კითხვას, რას აკეთებს თქვენი პარტია, რათა დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მსგავსი განცხადებები არ კეთდებოდეს, კობახიძემ ასე უპასუხა:

„ჩვენგან აბსოლუტურად ყველა ინფორმირებულია და როცა ასეთი განცხადებები კეთდება, ინფორმაციის დეფიციტი არ არის, ანუ კომუნიკაციის დეფიციტი. პრობლემა პოლიტიკური ინტერესია, რაც თავის დროზე, 2012 წლამდე ჰქონდათ კონკრეტულ სენატორებს, კონკრეტულ ევროპარლამენტარებს და აქვთ 2012 წლის შემდეგაც, რაც სამწუხაროა. ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური ინტერესი. ჩვენ გვაქვს ის ინტერესები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება. სამწუხაროდ, ესენი სხვა ინტერესებით მოქმედებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.