ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს „ენჯეოები“ ან გარედან უწერენ ვეტოებს, მთავარია მათთან მოლაპარაკება, რომლებმაც უნდა დაუწერონ ვეტო ზურაბიშვილს, თუ იქნება სამართლებრივი შენიშვნები, მზად ვართ, ავსახოთ
კანონპროექტთან დაკავშირებით კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები თუ იქნება წარმოდგენილი, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღემდე კანონპროექტთან დაკავშირებით არცერთი კონკრეტული, დასაბუთებული შენიშვნა არ არის წარმოდგენილი.
„ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი თავად არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოებს, ან „ენჯეოები“ უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე, რაც ერთი და იგივეა. მთავარია ჩვენთვის მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილს ვეტო და ამაზე უკვე გვქონდა საუბარი. მე პირადად მქონდა საუბარი ევროკავშირის, ეუთო-ს წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია მსჯელობისა და დისკუსიისთვის. თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის. დღემდე არცერთი კონკრეტული, სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ, ახლა არის დრო ამისთვის. თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, დაიწყება მსჯელობა და მზად ვართ, ყველამ ერთად ავსახოთ ეს საკითხები კანონპროექტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.