ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა იცოდა, რომ სჭირდებოდა თანხმობა ვიზიტების განხორციელებისთვის, მიმართა მთავრობას, ვერ მიიღო თანხმობა და მაინც წავიდა, მარტივია, დაირღვა კონსტიტუცია
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა იცოდა, რომ სჭირდებოდა თანხმობა ვიზიტების განხორციელებისთვის, მიმართა მთავრობას, ვერ მიიღო თანხმობა და მაინც წავიდა, მარტივია, დაირღვა კონსტიტუცია

პრეზიდენტმა იცოდა, რომ მას სჭირდებოდა თანხმობა კონკრეტული ვიზიტების განხორციელებისთვის. მან მიმართა მთავრობას, ვერ მიიღო თანხმობა, მაინც წავიდა. ორჯერ ორი ოთხია, რომ აქ დაირღვა კონსტიტუცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან არგუმენტები ვერ მოისმინეს.

„ჩვენ განვუმარტეთ, რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის. მე ვთქვი პროცესზე, მაგრამ პასუხს ვერ იძლევიან პრეზიდენტის წარმომადგენლები, რადგან არ აწყობთ ამ პასუხის გაცემა. მაგალითად, როგორც კი ერთმანეთისგან გამიჯნავ სტატუსსა და უფლებამოსილებას, უკვე თავზე გენგრევა ე.წ. არგუმენტი. რეალურად ასეთი პრაქტიკაა, რომ მთავრობა იძლევა მდუმარე თანხმობას, როდესაც ქვეყნის შიგნით ხორციელდება საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები. რეალური პრაქტიკაა, რომ მთავრობა რეალურად იძლევა მდუმარე თანხმობას. ეს პრაქტიკა მე არ მომწონს, კანონში არის დასაზუსტებელი ნორმები, ეს არის ხარვეზი. რა თქმა უნდა, მთავრობის პრაქტიკაც შესაცვლელია, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის კონსტიტუციის დარღვევის თემასთან. პრეზიდენტმა იცოდა, რომ მას სჭირდებოდა თანხმობა კონკრეტული ვიზიტების განხორციელებისთვის. მან მიმართა მთავრობას, ვერ მიიღო თანხმობა, მაინც წავიდა. ორჯერ ორი ოთხია, რომ აქ დაირღვა კონსტიტუცია. ასეთ მარტივ კაზუსზე გვაქვს საუბარი, თუმცა რეალურად არგუმენტებს ვერ ვისმენთ.

პრეზიდენტმა თავადაც იცოდა, რომ ამ ვიზიტებს ესაჭიროებოდა თანხმობა. მოითხოვა ეს თანხმობა, ვერ მიიღო, მაინც წავიდა. ძალიან მარტივია, რომ აქ დაირღვა კონსტიტუცია. ეს ხომ არის მართლაც პირველი კურსის, პირველი ლექციის კაზუსი. იცოდა, რომ სჭირდებოდა თანხმობა, მიმართა, ვერ მიიღო, მაინც წავიდა. იმდენად მარტივი კაზუსია, რომ დიდი მსჯელობაც არ სჭირდება, მაგრამ ვხედავთ, რომ ასეთი აბსურდული დისკუსიები წავიდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.