ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან
პრეზიდენტზეც არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
„პრეზიდენტის პოზიციასაც აქვს ერთი ახსნა, რომ მასზეც არის წნეხი იმავე ძალების მხრიდან, რასაც გლობალური ომის პარტიას ვეძახით. ეს არის პირობითი დასახელება. ჩვენ ზუსტად ვიცით, აქ ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ დავარქვათ გლობალური ომის პარტია. ამ გლობალური ომის პარტიის მხრიდან არის წნეხი. პრეზიდენტი ამ ეტაპზე არ დაექვემდებარა ამ წნეხს, მაგრამ მან ხომ არ იცის, ეს წნეხი რამდენად გაიზრდება? აქედან გამომდინარე გახდა უფრო მყიფე მისი პოზიცია. ადრე თუ მკაფიო პოზიცია ჰქონდა და ამბობდა – „არა და არასოდეს“, დღეს უკვე მოუწია საკუთარი პოზიციის შერბილება. იმიტომ, რომ მასზე არის სერიოზული წნეხი და მას რაღაც მომენტში შეიძლება, მოუწიოს მოქმედება არა როგორც საქართველოს პრეზიდენტს. წნეხი კონკრეტულად უკავშირდება სააკაშვილის გათავისუფლებას, ამაზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას უკავშირებს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის არგადავადების გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთდა, სადაც მან ხელისუფლებას პირდაპირ მიუთითა, რომ უნდა იყოს დათმობა, ხელისუფლებამ სამართლებრივი და ჰუმანიტარული საფუძვლები უნდა გამონახოს და მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას.
შეკითხვაზე, რითი ემუქრებიან საქართველოს პრეზიდენტს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ დეტალებში არ შევა.
„ამ დეტალებში არ მინდა შესვლა. ჭორების დონეზე რაღაცებზე იყო საუბარი, რა პრივილეგიები იყო შეთავაზებული და ასე შემდეგ. აქ საერთოდ არ მინდა შესვლა, მაგრამ არის კონკრეტული ინფორმაცია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც მომენტში შეიძლება, მასზე ეს წნეხი შედეგიანი აღმოჩნდეს. იმედია, არ იქნება ასე, მაგრამ აშკარაა, რომ არის სერიოზული წნეხი გარე ძალებიდან. აქ შიდა ძალები აღარ არსებობს, „ნაცმოძრაობა“ განულებულია და არიან ვიღაცები, ეს გლობალური ომის პარტია, რომელიც ანაცვლებს რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან, რათა მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოიხსნას, რაც პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვიდრე საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი არსებობს, მანამდე ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.
„მთავარია, ჩვენ არ მივცეთ სხვებს ამის საშუალება. აი, ახლა აქ ნახევარი საათი რომ მიხეილ სააკაშვილზე ვილაპარაკეთ, სწორედ გლობალური ომის პარტიის წისქვილზე დავასხით წყალი“, – განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვაზე, რატომ საუბრობს პრეზიდენტი მის მიმართ მუქარასა და ბულინგზე და არის თუ არა ამ განცხადებების სავარაუდო ადრესატი ირაკლი კობახიძე, რადგან ბოლო პერიოდში ორ სახელისუფლო შტოს შორის ურთიერთობა გამწვავებულია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიმართ არცერთი მუქარა არ ახსენდება.
„არ არსებობს პრეზიდენტის მიმართ მუქარის არცერთი ფაქტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტის საგარეო კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც შეაფასა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას?.. ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა, რაც თავისთავად შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს, თუკი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა“.
„რაში გამოიხატა ეს? მაგალითად, ხომ უნდა თქვას, რომ მაშინ სანქციებს უნდა მივერთებოდით, ან მოხალისეები უნდა გაგვეგზავნა, ან სხვა რამ უნდა გაგვეკეთებინა. კონკრეტიკა სად არის? არსად არ არის და ვიდრე კონკრეტიკა არ იქნება, პასუხის გაცემაც კი შეუძლებელია. რაში უნდა გამოხატულიყო ჩვენი სხვაგვარი დამოკიდებულება და რაში არ გამოიხატა, დააკონკრეტოს და სათითაოდ ვუპასუხებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.