ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა იყო არა მსუბუქი, არამედ უმძიმესი, ერთმნიშვნელოვნად ეს არის თანამდებობიდან გადაყენების ღირსი დარღვევა
პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა იყო არა მსუბუქი, არამედ უმძიმესი დარღვევა, ის პირდაპირ დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს, მან სცადა ქვეყანაში დე ფაქტო კონსტიტუციური წესრიგის შეცვლა და სცადა, პირდაპირ, უხეშად შეჭრილიყო საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, განახორციელოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ მცდელობით საქართველოს პრეზიდენტი დაუპირისპირდა საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესს.
„პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა იყო არა მსუბუქი, არამედ უმძიმესი დარღვევა, გამომდინარე იქიდან, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს, უფრო მეტიც, მან სცადა ქვეყანაში დე ფაქტო კონსტიტუციური წესრიგის შეცვლა და სცადა, პირდაპირ უხეშად შეჭრილიყო საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, განახორციელოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა. ეს არის კონსტიტუციური წესრიგის უხეში დარღვევა, რომელსაც აქვს სერიოზული სიმძიმე. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ეს არის თანამდებობიდან გადაყენების ღირსი დარღვევა.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მცდელობით საქართველოს პრეზიდენტი დაუპირისპირდა საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესს. მინდა, შეგახსენოთ, რომ როგორც ზოგადად საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე ევროინტეგრაციაზეც, საქართველოში ექსკლუზიურად არის პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა და სწორედ მისი პრეროგატივაა პრეზიდენტს მიანდოს, ან არ მიანდოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება. ნდობის არარსებობის პირობებში და იცით, ამ ნდობის არარსებობის მიზეზები რაც არის, მთავრობა ვერ ენდობოდა პრეზიდენტს შესაბამისი ვიზიტების განხორციელებისას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის მძიმე, უხეში, მრავალჯერადი. გარდა ამისა, პრეზიდენტმა დააანონსა, რომ განაგრძობდა სისტემატურად საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ეს არის კონსტიტუციის ღალატი, ამ კონსტიტუციაზე დადებული ფიცის ღალატი, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დარჩენილიყო რეაგირების გარეშე. ეს მინდა, შევახსენო ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომელთაც აქვთ ამბიცია კეთილსინდისიერებაზე და არა იურისპრუდენციის გაგებაზე, არამედ ლოგიკურ აზროვნებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.