ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის განცხადება, რომელიც შეწყალების საკითხს უკავშირდება, აბსოლუტურად ლოგიკურია
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება, რომელიც შეწყალების საკითხს უკავშირდება, აბსოლუტურად ლოგიკურია.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ანგარიში გაუწია დასავლელ პარტნიორებს და აჩვენა, რომ მისთვისაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაცია.
„ეს საკითხი ასახული იყო შეთანხმების პროექტში, დოკუმენტში, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის განცხადება, რომელიც უკავშირდება შეწყალების საკითხს, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მან იმოქმედა იმ ლოგიკის შესაბამისად, რომელიც შეთანხმების დოკუმენტში იყო ასახული. პრეზიდენტმა ანგარიში გაუწია დასავლელ პარტნიორებს და აჩვენა, რომ მისთვისაც მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, პირველ რიგში კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის, შეიწყალოს გიორგი რურუა, თუ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, ხოლო მეორე მხრივ, მედიატორები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა.