ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი თავს არიდებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციებს, არ ვიცი, რა იქნება მისი პოზიცია ამ შემთხვევაში, კონსულტაციები საჭიროა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან დაკავშირებული საკითხები კონსულტაციების რეჟიმში უნდა გადაწყდეს.
კობახიძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატებს წარადგენს პრეზიდენტი და ამტკიცებს პარლამენტი.
„ეს ნიშნავს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე ორგანოს აქვს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება. ერთს აქვს წარდგენის უფლებამოსილება, მეორეს – არჩევის. ეს ნიშნავს, რომ საკითხები უნდა გადაწყდეს კონსულტაციების რეჟიმში. როდესაც ორი ორგანო ერთობლივად იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, ასეთ დროს აუცილებელია კონსულტაციები. მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა კანდიდატურები, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციებს. არ ვიცი, რა იქნება მისი პოზიცია ამ შემთხვევაში, კონსულტაციები საჭიროა. პრეზიდენტი თავს არიდებს კონსულტაციებს კანდიდატურებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტი იმოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.