ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის და ვინც დავალებებს აძლევს, იმას სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეპუტაცია საერთოდ არაფრად უღირს
პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის და ვინც დავალებებს აძლევს, იმას სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეპუტაცია საერთოდ არაფრად უღირს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„სალომე ზურაბიშვილმა სამჯერ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ჯერ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, როგორც კი გამომიგზავნით დოკუმენტებს, მაშინვე შევუწყვეტო. იუსტიციამ მეორე დღეს გაუგზავნა, მაგრამ არ შეუწყვიტა. შემდეგ თქვა, განა, არ შევუწყვიტეო, სამთვიანი ვადა მაქვს და ამას ველოდებიო. შემდეგ სამ თვესაც არ დაელოდა და ერთ თვეში შეუწყვიტა მოქალაქეობა. ერთი თვის პერიოდში ოთხი სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის და ვინც დავალებებს აძლევს, იმას სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეპუტაცია საერთოდ არაფრად უღირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას.