ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი მმართველობის სისტემას როცა უპირისპირდება, უკვე ზიანია, შემაშფოთებელია, რომ ეს სამ მოსამართლეს არ ესმის
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი მმართველობის სისტემას როცა უპირისპირდება, უკვე ზიანია, შემაშფოთებელია, რომ ეს სამ მოსამართლეს არ ესმის

პრეზიდენტი მმართველობის სისტემას როცა უპირისპირდება, უკვე ზიანია. შემაშფოთებელია, რომ ეს სამ მოსამართლეს არ ესმის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აბსურდია განცხადება, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესებს ზიანი არ მიაყენა.

„დამდგარი მძიმე ზიანია, როცა პრეზიდენტი უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციით დადგენილ წესებს, მმართველობის საპარლამენტო სისტემას. სამ მოსამართლეს რომ არ ესმის, შემაშფოთებელია, მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტს მაინც უნდა ესმოდეს. ყველაფერს ვფიცავარ, ასეა. არ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეს არ ესმოდეს, რომ პრეზიდენტის ქმედებით რაც დადგა, ეს უკვე არის უმძიმესი ზიანი. ბოლოს უწერიათ, რომ დარღვევა შეიძლება კი არის, მაგრამ ჩვენს კოლეგებს უნდა ემსჯელათ, რამდენად არის თანამდებობიდან გადაყენების ღირსიო, რაც აბსურდია. როგორც ნაფიცმსაჯულთა სისტემაში ფაქტს ნაფიცმსაჯულები ადგენენ და გადაწყვეტილებებს შემდეგ მოსამართლე იღებს, იგივე ლოგიკაა აქაც, ფაქტებს ადგენს საკონსტიტუციო სასამართლო – დაირღვა თუ არა კონსტიტუცია და გადაყენების ღირსია თუ არა, ამაზე პარლამენტის წევრები მსჯელობენ. ეს რომ არ ესმის სამ მოსამართლეს, მართლა შემაშფოთებელია. ყველაფერს ვფიცავარ, ამას ვამბობ, როგორც იურისტი და არა პარლამენტის წევრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში კი ის სამი მოსამართლეა, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მათი განსხვავებული მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.