ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი ხვდება გიორგი კალანდარიშვილს, გამოდის, რომ აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი ხვდება გიორგი კალანდარიშვილს, გამოდის, რომ აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე

ფაქტია, პრეზიდენტი დღეს ხვდება სწორედ გიორგი კალანდარიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ არ წარადგინა თავის დროზე პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს დღეს კითხვა დაუსვეს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელშიც კალანდარიშვილიც მონაწილეობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ იცის, იწონებს თუ არა პრეზიდენტი კალანდარიშვილის კანდიდატურას, თუმცა გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ – სალომე ზურაბიშვილმა არ წარადგინა კალანდარიშვილი პარლამენტის წინაშე კანდიდატად მხოლოდ იმის გამო, რომ მას მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა და სხვებმა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავითარი საფუძველი მისი კრიტიკისთვის არ არსებობს. კალანდარიშვილმა და ცესკო-ს სხვა წევრებმა ჩაატარეს 2021 წლის საერთო ეროვნული არჩევნები უმაღლეს დონეზე, ნული კრიტიკა იყო. ამის შემდეგ იყო არაერთი შუალედური არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ასევე უმაღლეს დონეზე. შესაბამისად, ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს კრიტიკის არავითარი საფუძველი არ აქვთ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ვერაფერს გეტყვით გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს კონკურსი, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.