ირაკლი კობახიძე - პრემიერი რამდენჯერაც მოვიდა პარლამენტში, დებატები მოიგო ათით ნული, პარასკევსაც მორიგი დებატები ასით ნული დასრულდება
პრემიერი რამდენჯერაც მოვიდა პარლამენტში, იმდენჯერ მოიგო დებატები ათით ნული. ეს არის რეალობა, ფაქტი. ამიტომ ინტერპელაციაზეც კი აღარ ითხოვენ ხოლმე პრემიერის მოსვლას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ფიასკო აღიარა.
„იმდენად დამარცხდა ოპოზიცია ყოველ ჯერზე, ათით ნულით, ასით ნულითაც კი, რომ ინტერპელაციაზეც კი აღარ ეძახიან. ანუ, საკუთარი ფიასკო აღიარეს. შესაბამისად, პარასკევსაც მორიგი დებატები ასით ნული ანგარიშით დასრულდება, როგორც ეს ხდებოდა წინა შემთხვევებში. ბუნებრივია, ამას იხილავს საზოგადოება. მიზანი არის წლიური ანგარიშის ჩაბარება. რაც მოხდა გასული წლის განმავლობაში, ყველა რეფორმა, ყველა გადადგმული ნაბიჯი, ყველაფერთან დაკავშირებით იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია. ესაა ყოველწლიური ანგარიშის მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს მოუსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.