ირაკლი კობახიძე - პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია, თითქმის რვა წელი ვიყავი პარლამენტის წევრი, მადლობა ჩვენს საპარლამენტო გუნდს გუნდურობისა და მეგობრობისთვის
პრემიერმინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია. თითქმის რვა წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის, როგორც წამყვანი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გაჰყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში.
ამავდროულად, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს.
„პრემიერმინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია. თითქმის 8 წლის განმავლობაში ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის, როგორც წამყვანი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გამყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომლებთან ერთადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ – ინსტიტუციურად გავაძლიერეთ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც სრულად შეესატყვისება ევროპული კონსტიტუციონალიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს, ვახორციელებდით უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუციურ გაძლიერებას, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას, ეკონომიკის ზრდას, სხვადასხვა დარგის განვითარებას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ემსახურებოდა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ჩვენი საპარლამენტო გუნდის ერთიანობით, თითოეული თქვენგანის პრინციპულობით, პატრიოტიზმითა და ქვეყნის ინტერესების ერთგულებით. დიდი მადლობა თქვენ გუნდურობისთვის და მეგობრობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა და ყველას უსურვებს საქართველოს გაერთიანებას, გაძლიერებას, სულიერებისა და კულტურის აღორძინებას.
„დღეს არის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. დავით აღმაშენებელი არის საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების, ქართული სულიერებისა და კულტურის აღორძინების სიმბოლო. დღევანდელ დღეს, მინდა, ყველას გისურვოთ საქართველოს გაერთიანება, გაძლიერება და ჩვენი სულიერებისა და კულტურის აღორძინება. ქართველი ერი და ხალხი, რომელიც სამი ათასწლეულის მანძილზე ურთულეს პოლიტიკურ-გეოგრაფიულ სივრცეში გმირულად იცავდა ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას – მამულს, ენასა და სარწმუნოებას, სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიას, უნიკალურ ქართულ კულტურას, მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.