ირაკლი კობახიძე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ პირველი შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მათეუშ მორავიეცკის თქმით, პოლონეთი ევროკავშირთან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე ისაუბრებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ასევე ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშრომლობის გააქტიურების ინიციატივით გამოვიდა.

მხარეებმა ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და ამ კონტექსტში საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. მათი შეფასებით, ასამბლეა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

საუბარი შეეხო საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას. მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.