ირაკლი კობახიძე - პოლონეთი საუკეთესო მაგალითია, როგორ განავითარო სახელმწიფო სწრაფად
ირაკლი კობახიძე - პოლონეთი საუკეთესო მაგალითია, როგორ განავითარო სახელმწიფო სწრაფად

პოლონური ინსტიტუტის დაფუძნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განსაკუთრებით, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, კულტურა, მეცნიერება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონური ინსტიტუტის გახსნის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას არამხოლოდ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, არამედ ხალხთა შორის განსაკუთრებული დამოკიდებულება აკავშირებს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე მესამე ღონისძიებას აღვნიშნავთ, რომელიც ცხადყოფს, თუ რამდენად დინამიურად ვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთს შორის. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში პოლონური ინსტიტუტის დაფუძნებას, დაარსებას და მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. რა თქმა უნდა, პოლონური ინსტიტუტის დაფუძნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, კულტურა, მეცნიერება. ჩვენ გვაკავშირებს არამარტო მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, არამედ ჩვენ ასევე გვაკავშირებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენს ხალხებს შორის, პოლონელ და ქართველ ხალხებს შორის. ეს განსაკუთრებული ურთიერთობა, დამოკიდებულება გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ თანამშრომლობა და მეგობრობა ჩვენს სახელმწიფოებს და ჩვენს ხალხებს შორის“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პოლონეთი საქართველოსთვის საუკეთესო მისაბაძი მაგალითია.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთი არის ჩვენთვის საუკეთესო მისაბაძი მაგალითი. პოლონეთმა მოგვცა საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება განავითარო სახელმწიფო სწრაფად და როგორ შეიძლება განავითარო ღირებულებები შენს სახელმწიფოში. 90-იანი წლების გარდატეხის და მასთან დაკავშირებული სირთულეების გამოვლის შემდეგ, პოლონეთი განვითარდა და დღეს პოლონეთი არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები. პოლონეთი გამოირჩევა კეთილდღეობის მაღალი დონით. პოლონეთი არის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა. ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს მიზნად დასახული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პოლონური კულტურის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

„ჩვენ ვაფასებთ მეგობრობას ჩვენი პოლონელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ გვაქვს ასევე განსაკუთრებული დამოკიდებულება პოლონური კულტურის მიმართ. საქართველოში განსაკუთრებულად აფასებენ პოლონურ მწერლობას, პოლონურ მუსიკას, რომელიც ბევრი ქართველი ხელოვანისთვის არის შთაგონების წყარო. მოხარული ვართ, რომ პოლონეთის უმდიდრეს კულტურულ მემკვიდრეობას საქართველოშიც ეყოლება საუკეთესო დამცველი პოლონური ინსტიტუტის სახით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმს, საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს მადლობა გადაუხადა და პოლონურ ინსტიტუტს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილი მიღება პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.