ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან
პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის ხელმძღვანელს ძალიან მნიშვნელოვანი წერილი გაეგზავნა.
„მთავარი მიზანი არის რა – ჩვენ ვნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება როგორც რეზოლუცია, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს, რათა სპეკულაციებისთვის არ დარჩეს სივრცე, რათა არ იყოს გამოყენებული ეს ჩანაწერი დამატებითი პოლარიზაციისთვის. ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი და ამ კუთხით მნიშვნელოვანია როგორც პრემიერის წერილი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს, რადგან აბსტოლუტურად უსამართლოა“.
„ჩვენთვის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს რეზოლუცია არის აბსოლუტურად უსამართლო. როდესაც რეზოლუცია საუბრობს იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია, უნდა დაისაჯოს ივანიშვილი, იქ რა თქმა უნდა, ჩალის ფასი ექნება მხოლოდ. როგორც რეზოლუცია, ასევე ევროკომისიის შეფასების ჩანაწერი გამოიყენება სპეკულაციებისთვის, ჩვენი ოპონენტებისა და მათი ლობისტების მხრიდან. ამისთვის უნდა მოეფინოს ნათელი ყველაფერს, მათ შორის იმ ჩანაწერს. ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, თავად შეუძლია. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა. როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც მოქმედებს საქართველოში და ეს არის ჩვენი, პრემიერის, თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე, რომ არავის მივცეთ ასეთი დარტყმის მიყენების საშუალება ჩვენი მმართველობის სისტემაზე. აქ არის საუბარი მარტივ სიყალბეზე. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ქვეყანა იმართება არა კონსტიტუციური სისტემის საფუძველზე, რომელსაც წარმოადგენს პრემიერი, მთავრობა, პარლამენტი და ა.შ, არამედ იმართება ოლიგარქიული პრინციპით, ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი და ამ ხრიკისგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია, მათ შორის ევროპული კომისიის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით დღეს მიმართა.