ირაკლი კობახიძე - პოლიტიკურ პროცესებში მხარედ არ უნდა იყოს წარმოდგენილი სპიკერი, მხოლოდ ამას ეხებოდა არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის როლი განსაკუთრებულია.
მისივე თქმით, პოლიტიკურ პროცესებში მხარედ არ უნდა იყოს წარმოდგენილი სპიკერი. როგორც კობახიძე ამბობს, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც თალაკვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს შესაძლებლობები ორივე ძირითადი მიმართულებით, როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე ზედამხედველობის. ბუნებრივია, პარლამენტის თავმჯდომარის როლი განსაკუთრებულია და ამაზე გააკეთა სწორედ განსაკუთრებული აქცენტი პარლამენტის თავმჯდომარემ. შესაბამისად, ბუნებრივია ეს გვექნება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რადგან საპარლამენტო ზედამხედველობა არის განსაკუთრებული მიმართულება პარლამენტის მუშაობის.
რაც შეეხება ბალანსს, ესეც არის მნიშვნელოვანი აქცენტი. თქვენ გახსოვთ, რომ მეც თავის დროზე პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე მიწევდა ვყოფილიყავი მხარე პოლიტიკურ პროცესებში, რაც პრინციპში, არ არის სწორი. ასე მოუწია არჩილ თალაკვაძესაც, განსაკუთრებით ამ პოლიტიკური დიალოგის პროცესში, მაშინ, როდესაც პოლიტიკურ დისკუსიებში როგორც ასეთი, მხარედ არ უნდა იყოს წარმოდგენილი სპიკერი, ეს იყო მიზეზი, რატომაც გააკეთა შესაბამისი განცხადება და გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს ახალი ტრადიცია, რაც არის დამახასიათებელი ზოგადად ევროპული საპარლამენტო დემოკრატიებისთვის, უნდა ჩამოყალიბდეს. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ არჩილის გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია და შემდეგ მან დაგვარწმუნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კუჭავამ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა ბალანსის დაცვას და ხელს შეუწყობდა დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში.
„გპირდებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, ვუზრუნველვყოფ, რომ დავიცვა ბალანსი და ხელი შევუწყო დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, თქვენთან ერთად“, – განაცხადა კუჭავამ.