ირაკლი კობახიძე - პოლიციამ იმოქმედა ზედმიწევნით კარგად, ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო იმედგაცრუებული ოპონენტები
ირაკლი კობახიძე -  პოლიციამ იმოქმედა ზედმიწევნით კარგად, ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო იმედგაცრუებული ოპონენტები

ამ დღეების განმავლობაში გამოვლინდა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, თურმე, შესაძლებელია, ჰუმანური და რაციონალური მიდგომით, სისასტიკისა და ადამიანების მიმართ არაჰუმანური მიდგომის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლამდე იყო აბსოლუტურად განსხვავებული პრაქტიკა, როდესაც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას  უპირისპირდებოდა სისასტიკე და არაჰუმანური მოპყრობა, რაც წარსულს ჩაბარდა.

„საბოლოო ჯამში, ამ აქციებთან მიმართებაში, პოლიციამ იმოქმედა ზედმიწევნით კარგად და ამის ძალიან კარგი ინდიკატორი, გარდა სხვა ინდიკატორებისა, იყო იმედგაცრუებული ოპონენტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, ბატონი ნიკა გვარამიას გაფითრებული სახე არ დაგვავიწყდება, როდესაც მშვიდობიანად დასრულდა ის მოვლენები, რაც ვითარდებოდა თბილისში ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელსა და პოლიციელს, იმისთვის, რომ ისინი პატრიოტული სულისკვეთებით, პროფესიონალურად ემსახურებიან თავის საქმესა და ქვეყანას.

„პოლიციის პრესტიჟის დაცვა, პოლიციელის ღირსების დაცვა, არის ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ საქმეში საქართველოს პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, ბუნებრივია, თავის მაქსიმალურ წვლილს შეიტანს. მე მინდა, პირადად ბატონ გიორგი გახარიას, შს მინისტრს, ვიცე-პრემიერს, გადავუხადო მადლობა ძალიან დამაჯერებელი მოხსენებისთვის, კითხვა-პასუხისთვის, ასევე, ძალიან მართალი მოხსენებისთვის.

მე დღეს გამიმყარდა იმის რწმენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საიმედო ხელში, ის რეფორმები, რომლებიც უნდა განხორცილდეს შს სამინიტროში, არის საიმედო ხელში და ამისთვის უღრმესი მადლობა ბატონ გიორგი გახარიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიან საქმიანობას ეკისრება ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული როლი სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში.

მისი თქმით, უსაფრთხოების მაღალი დონე არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც დადასტურებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ მიღწევას სჭირდება არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ – შემდგომი განმტკიცებაც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა, რაზეც ძალიან საინტერესო და გულწრფელი მოხსენება მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან და ასევე მოვისმინეთ ცვლილებების მკაფიო ხედვა, რომელიც, ვფიქრობ, უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანობის ხარისხის ამაღლებას, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარისხისა და კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესებას და ამ ხედვისთვის, მე მინდა, ბატონ გიორგის დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.