ირაკლი კობახიძე - პოლარიზაციას აღვივებს არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა
პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა, საზოგადოება ამასთან დაკავშირებითაც თავის დასკვნებს გამოიტანს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მესტიაში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდი რეგიონულ კონფერენციას მართავს.
მისი თქმით, დეპოლარიზაციის შესრულება არის ყველაზე რთული ამოცანა, რადგან ეს არ არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“.
„დეპოლარიზაცია, რა თქმა უნდა, არის ყველაზე რთული ამოცანა. ამ ამოცანის შესრულება არ არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“, ხელისუფლებაზე, იცით, რომ ხანგრძლივი ისტორია აქვს ამ ყველაფერს. მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა. ეს შეიძლება, ძალიან თამამად ითქვას. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს საქართველოში, პოლარიზაცია ყოველთვის იქნება. ვგულისხმობ შესაბამის პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, ისინი სრულიად შეგნებულად და ხელოვნურად აღვივებენ ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი დავალება, რასაც ისინი იღებენ მათი პატრონებისგან, რაც შეეხება ამ კონტექსტში იმპიჩმენტზე საუბარს, მინდა გითხრათ, რომ პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა. შესაბამისად, საზოგადოება ამასთან დაკავშირებითაც თავის დასკვნებს გამოიტანს. იმპიჩმენტი არა, არამედ კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის მაპოლარიზებელი ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება და მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით.
„სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება. ის მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით – ეს ერთი და მეორე, კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ის, რაც ხელს უწყობს პოლარიზაციას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ განსაჯოს ვის ინტერესებშია პოლარიზაცია. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს რადიკალურ ოპოზიციასთან ექნება კონსულტაციები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მან სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, თქვენ იცით, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ მოერიდა დანაშაულის ჩადენას. იცოდა, რომ ახორციელებდა არაკონსტიტუციურ ვიზიტს, არალეგიტიმურ ვიზიტს და შესაბამისად, თავად გასწია ხარჯები და ბიუჯეტის ხარჯზე არ წასულა შესაბამის ვიზიტებში. ეს ნიშნავს რას, რომ დანაშაულის ნაწილში მას ვერ ექნებოდა რადიკალური ოპოზიციის იმედი, ამიტომ, ვერ გარისკა დანაშაულის ჩადენა, თუმცა ძალიან მარტივად გარისკა კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, რადგან სწორედ აქ ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედი. ისინი მოქმედებენ ერთიანი დღის წესრიგით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.