ირაკლი კობახიძე - პოლარიზაცია არის დავალება და დღესაც პოლარიზაციის მიზნით მოქმედებდნენ
„ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ნული არგუმენტი დავინახეთ, მათთვის პოლარიზაცია არის დავალება და დღესაც პოლარიზაციის მიზნით მოქმედებდნენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, კანონპროექტის წინააღმდეგ კონკრეტული არგუმენტები დაესახელებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს.
„პოლარიზაცია მათთვის არის დავალება და დღესაც პოლარიზაციის მიზნით მოქმედებდნენ. სინამდვილეში, მათი მიზანი არ იყო დისკუსიაში შესვლა. დღეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დავინახეთ ნული არგუმენტი. გარედან რომ ყვირი, გასაგებია, ოპონენტი გვერდით არ გიზის და შეგიძლია, რაც გინდა, ის იყვირო, მაგრამ როდესაც უკვე სხდომაზე ზიხარ შენს ოპონენტებთან ერთად და საშუალება გაქვს, კონკრეტული არგუმენტები დაუპირისპირო ამ ყველაფერს და ამას არ აკეთებ, ეს აჩვენებს, რომ მათთვის თვითმიზანი არის პოლარიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.