ირაკლი კობახიძე - პირველი შეკრებისთანავე, დავაინიცირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერთპროცენტიანი გადახრის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი, გამოვაცხადებთ რიგგარეშე არჩევნებს
პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოიწვევენ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ბუნებრივია, საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი, ხაზს ვუსვამთ, ერთპროცენტიანი გადახრაც კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ (დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0,1 პროცენტიც კი არ იქნება), „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს.