ირაკლი კობახიძე - პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც ეკონომიკური კოლაფსი უნდა გამოეწვია
ამ ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა რატომ უნდა ვიღაცას, ვინც გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციებზე – რა თქმა უნდა, ეს საკითხი საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს, ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აქამდე სანქციებთან დაკავშირებით მოთხოვნას დახურულ კარს მიღმა აყენებდნენ, ახლა კი ეს ევროპარლამენტმა საჯაროდ გააჟღერა.
„ვერ ვისაუბრებ იმ შეხვედრების შინაარსზე, რომლებიც შედგა დახურულ კარს მიღმა, რადგან აქაც ვუფრთხილდებით ურთიერთობებს, ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, როცა ომი დასრულდება. მინდა, შეგახსენოთ ის, რაც ხდებოდა საჯარო სივრცეში და ამის გაგრძელებაა, სხვათა შორის, ერთ-ერთი მნიშველოვანი ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში ომი როდესაც დაიწყო, მეორე დღიდან ოპოზიცია გამოვიდა ქუჩაში. ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სადაც ომის დაწყებასთან ერთად გვქონდა ოპოზიციის აქციები ქუჩაში. მათ ჰქონდათ ორი კონკრეტული მოთხოვნა – სანქციებთან მიერთება და მთავრობის ოფიციალური თანხმობით, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. პირდაპირი რიტორიკა იყო ომთან დაკავშირებით, შეგახსენებთ ლომჯარიას, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მარგველაშვილისა და სხვათა განცხადებებს. პირდაპირი რიტორიკა. ამას მოგვიანებით, რამდენიმე დღეში დაემატა უკრაინის ხელისსუფლების მაღალჩინოსნების პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, იყო ძალიან ფართო კოორდინაცია – ოპოზიცია, „ენჯეოები“, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კონკრეტული უცხოელები, რომლებიც აქეთკენ გვექაჩებოდნენ. საბოლოო ჯამში, ორივე მოთხოვნა ნიშნავდა ომისკენ სვლას ირიბი და პირდაპირი ფორმით.
რაც შეეხება სანქციებს, დღეს, როგორც იქნა, საჯაროდ გამოფინა ეს მოთხოვნა ევროპარლამენტმა, ამდენი ხნის განმავლობაში ამ დახურულ მოთხოვნას საჯაროდ არ გვიყენებდნენ, გაურბოდნენ. იყო კონკრეტული ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, კონკრეტული პოლიტიკოსის განცხადება, „ლელოს“ აქვს თავის პროგრამაში შეტანილი ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ასეთი, ამასთან დაკავშირებით მაღალი დონის მოთხოვნა გაჟღერებული არ ყოფილა, ყველა ერიდებოდა. ელჩები ერიდებოდნენ, ქვეყნები ერიდებოდნენ, ევროპარლამენტი ერიდებოდა. პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და საჯაროდ გაახომოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ამ ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი. ეკონომიკური კოლაფსი იყო საუკეთესო გზა, რომელიც მიდიოდა, საბოლოო ჯამში, ომამდე“,- განაცხადა პრემიერმა.