ირაკლი კობახიძე - პირდაპირ შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ და რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში
ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, 14-დან 28 მაისამდე, როდესაც შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა, შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან, რაზეც უკვე შედგა ჩვენ შორის საუბარი, საუბარია ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ, მათ შორის, საუბარი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან.
„მისი ინიციატივაც იყო და მხარი დავუჭირე, ბატონ კოპმანთანაც მქონდა ამ თემაზე საუბარი და პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ და რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში. რა თქმა უნდა, მზად ვართ ცვლილებებისთვის, ისე რა აზრი აქვს დისკუსიას. მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და, რა თქმა უნდა, ამის გაზიარებაზეა საუბარი. ოპონენტების პრობლემა რაშია – სინამდვილეში წერია ერთადერთი რამ: წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ დეკლარაცია, მეტი არაფერი. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს ბერკეტებს, ამაზე ბევრად უფრო მკაცრი ბერკეტები არსებობს, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში. არაფერზე არ არის საუბარი, ვიღაც რომ არ წარმოგიდგენს დეკლარაციას, ელემენტარული ბერკეტი უნდა გქონდეს, რომ გადაამოწმო, ეკუთვნის თუ არა ამ სუბიექტს დეკლარაციის წარმოდგენა და სინამდვილეში აქ არავითარი რისკები არ არსებობს. რაც შეეხება დასახელებას, ყველაფერზე ვიმსჯელოთ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია ხომ ფაქტის კონსტატაციაა. ამ ფაქტის კონსტატაციას რომ ვიღაც გაურბის, აქედან კიდევ ბევრი რაღაც ჩანს, მაგრამ ყველაფერზე ვიმსჯელოთ. ჩვენ ხომ შევთავაზეთ ოპოზიციას, პირდაპირ დაუსვეს კითხვა მამუკა მდინარაძემ და შემდეგ ანრი ოხანაშვილმა: მზად ხართ, მხარი დაუჭიროთ? მოდით, განვიხილოთ ეს საკითხი. მაშინვე უარი მიიღეს. ეს შეთავაზება გაკეთებული იყო. აქედან ჩანს ის, რომ, საბოლოოდ, თუ ვინმეს რამე აწუხებს ამ კანონში, ერთადერთი არის სწორედ გამჭვირვალობა, მეტი არაფერი. მეტი არაფერი აწუხებთ, გარდა იმისა, რომ ხვალ ვიღაც გაიგებს, რომ რადიკალურ პარტია „დროას“ აფინანსებდა კონკრეტული ფონდი, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, ევროკავშირთან, ან „სირცხვილიას“ აფინანსებდა, მაგალითად, კონკრეტულ წყაროებთან დაკავშირებული ფონდი, ან ეკლესიაზე თავდასხმას აფინანსებდა კონკრეტული დონორი და ა.შ. ამის ეშინიათ სინამდვილეში და არა იმის, რომ იქ სახელი ასე შეიძლება ჩაიწეროს თუ ისე. რეალურად ეშინიათ გამჭვირვალობის კონკრეტულ ძალებს“, – განაცხადა პრემიერმა.