ირაკლი კობახიძე -  პირდაპირ ითხოვენ მეორე ფრონტს, დაშანტაჟება სურთ მეორე ფრონტის სანაცვლოდ, ივანიშვილს ვერავითარი შანტაჟის ქვეშ ვერ აიძულებენ, ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას
ირაკლი კობახიძე - პირდაპირ ითხოვენ მეორე ფრონტს, დაშანტაჟება სურთ მეორე ფრონტის სანაცვლოდ, ივანიშვილს ვერავითარი შანტაჟის ქვეშ ვერ აიძულებენ, ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას

ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს ვერ აიძულებენ, ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ივანიშვილის დასანქცირებაზე გადაწყვეტილება მიიღო უკრაინამ და მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერა აკლია.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოცემულობას, მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები უკვე მოქმედებს. ეს არის დე ფაქტო სანქციები, რომელიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა მასთან კონკრეტულ კომუნიკაციას. პირდაპირი მინიშნება იყო, რომ გარკვეული მოთხოვნაა მის მიმართ. მან აღნიშნა, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეასრულებს ისეთ მოთხოვნას, რომელიც შეიძლება, ჩვენი ქვეყნის განადგურებას უკავშირდებოდეს. ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს ვერ აიძულებენ, ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას. პირდაპირ ითხოვენ მეორე ფრონტს. უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი ითხოვენ მეორე ფრონტს საქართველოში და, მეორე მხრივ, ცდილობენ შანტაჟის ინსტრუმენტი აამოქმედონ. ერთი მხრივ, როცა ითხოვ მეორე ფრონტს და, მეორე მხრივ, სანქციებს, ძალიან ნათლად ჩანს, რა არის მათი ინტერესი. მათ სურთ დაშანტაჟება მეორე ფრონტის სანაცვლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.