ირაკლი კობახიძე - პარტნიორებთან ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით
პარტნიორებთან ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეხვედრისას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა არის მზაობა, რომ პარტნიორებმა გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შევიდნენ განხილვაში კანონპროექტთან დაკავშირებით.
„მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს. მათ შორის, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე ჩვენ პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ სალომე ზურაბიშვილი არ წერს ხოლმე ასეთ ვეტოს კანონპროექტებს, ან „ენჯეოები“ უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაბამისად, შესაძლებელია ეს ბერკეტი კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. ვეტო როდესაც შემოდის პარლამენტში, ის ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის, დისკუსიისთვის. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა. ბოლო ტენდენციები არის კარგი, ვხედავთ კონსტრუქციულობის ელემენტებს. მანამდე თუ იყო მხოლოდ ზოგადი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ვარგა, რატომ არ ვარგა – არ იყო არანაირი კონკრეტიკა, ახლა უკვე არის მზაობა, რომ გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შემოვიდნენ განხილვაში კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა კობახიძემ.