ირაკლი კობახიძე - პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო საბოტაჟს ახორციელებენ, დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისთვის გათვალისწინებული პრივილეგიები არ ექნებათ
პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო საბოტაჟს ახორციელებენ, ის პრივილეგიები არ ექნებათ, რომელიც დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისთვის არის გათვალისწინებული, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა ახალი კანონპროექტთა პაკეტი ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.
მისივე თქმით, თუ პარტია არ მიიღებს მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში, ის პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.
„პოლიტიკური პარტია საპარლამენტო საბოტაჟსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე პოლიტიკურ შტურმს თუ ახორციელებს, ამ შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირების მექანიზმი ჩაერთვება. იმ პარტიებს, რომლებიც ასეთ პოლიტიკურ საპარლამენტო საბოტაჟს ახორციელებენ, ის პრივილეგიები არ ექნებათ, რომელიც დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისთვის არის გათვალისწინებული. თუ პარტია არ მონაწილეობს დემოკრატიულ პროცესში, ბუნებრივია, ის ამ პროცესში მონაწილეობისთვის დაწესებული პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს. ეს მარტივი სამართლებრივი განმარტებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.