ირაკლი კობახიძე - პარტია, რომელიც ვერ აიღებს 40 პროცენტზე მეტს, ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას ერთპარტიულად, დარწმუნებული ვართ, ამაზე ბევრად მაღალი შედეგი გვექნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიმართ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ პრინციპები უცვლელი რჩება.
კობახიძის თქმით, მთვარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ პარტია, რომელიც ვერ აიღებს 40 პროცენტზე მეტს, ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას ერთპარტიულად.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში 40 პროცენტზე ბევრად მაღალი შედეგი ექნება.
„პრინციპები იცით, დეტალებში სამწუხაროდ ვერ შევდივართ, რადგან გვაქვს შეთანხმება ოპოზიციასთან – არც ისინი შედიან საჯაროდ დეტალებში და არც ჩვენ. თუმცა პრინციპები რჩება უცვლელი. მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ პარტია, რომელიც ვერ აიღებს 40 პროცენტზე მეტს, ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას ერთპარტიულად.
ამისათვის არის მოდელში შემოთავაზებული კონკრეტული ელემენტი, რომელიც ამას არა მხოლოდ პრაქტიკულად, თეორიულადაც გამორიცხავს. თუ გამარჯვებული პარტია აიღებს 40 პროცენტზე მეტს და ჩვენი მოდელით ეს უნდა იყოს დაახლოებით 40.6 პროცენტი, ამის ზევით ჩნდება უკვე შესაძლებლობა, რომ პარტიამ ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს მთავრობა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამაზე ბევრად მაღალი შედეგი გვექნება. სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, თუმცა იმ მოდელით, ჩამკეტი ელემენტით არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს იმას იქნება 100, 110, თუ 120. ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრბთან, სადაც მაჟორიტარებიც არიან წარმოდგენილნი და ჩვენთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია არა მარტო ოპოზიციის ხმების მოპოვება ამ პროექტის გარშემო, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხმების მოპოვებაც. აქედან გამომიდნარე, თუ სათანადო მოცულობით არ იქნება წარმოდგენილი ამ სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტი, ჩვენ გაგვიჭირდება მაშინ პროექტის გატანა პარლამენტში. შესაბამისად, ნაცვლად პროპორციის ცვლილებისა, ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც ზუსტად ისეთივე ეფექტურია და უზრუნველყოფს ზუსტად იგივე შედეგის დადგომას, რასაც უზრუნველყოფდა მაგალითად ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული 120-30-ზე სისტემა“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.