ირაკლი კობახიძე - პარტია „ევროპული საქართველო“, თავისი „ნაცმოძრაობით“, ნამდვილად არის ანტიევროპული საქართველო, მათ ეს სახელი დაიმსახურეს
საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროინტეგრაციის კუთხით და კვლავაც დარჩება ლიდერად ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე დღევანდელ სხდომაზე სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართულ ასოცირების კომიტეტის სხდომასა და დეკლარაციის ჩაგდების საკითხს გამოეხმაურა.
„სტრასბურგში, ევროპარლამენტში ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომის პარალელურად გაიმართა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან და მინდა, ვთქვა, რომ ევროპარლამენტარები აღნიშნავენ პროგრესს, რომელიც აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით. საქართველო კვლავაც რჩება ლიდერად, მოწინავე ქვეყნად ამ თვალსაზრისით და საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, მათ შორის ასოცირების შეთანხმებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრესი ასახული იყო დეკლარაციის პროექტში, რომელიც სხდომაზე ვერ მიიღეს.
„ეს პროგრესი იყო ასახული დეკლარაციის პროექტში რომელიც ესტონელ, ევროპარლამენტარ თანათავმჯდომარესთან ერთად მომზადდა. ოპოზიციას ჰქონდა მთელი რიგი მცდელობები, ცვლილებები შეეტანა დეკლარაციაში, იყო დოკუმენტის პოლიტიზების მცდელობა და იყო მცდელობა, არასწორი ინფორმაცია ასახულიყო აღნიშნულ დოკუმენტში. საბოლოო ჯამში, ასოცირების კომიტეტმა ჩააგდო ოპოზიციის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ დელეგაციას, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი, ასევე მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეგობრებს, ევროპარლამენტარებს, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი შესაბამის ცვლილებებს. საბოლოო ჯამში ჩვენმა ოპონენტებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ და ანტი ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა, გააკეთეს ყველაფერი, რომ დეკლარაცია არ დამტკიცებულიყო“, – აღნიშნავს კობახიძემ.
როგორც მან განმარტა, დეკლარაცია არ არის პოლიტიკური დოკუმენტი და მასში არის ასახული პროგრესი, რომელსაც ქვეყანა განიცდის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ასევე ასახულია ინფორმაცია ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
„ამ ფონზე, მით უმეტეს გასაოცარი იყო მათი სიხარული, რომელიც გამოხატეს დოკუმენტის დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს, თავის დროზე როგორ დარბოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები კაბინეტებში იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, ეს არის მათი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება, თუმცა მაშინაც ჩავარდა მათი მცდელობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაცია. ეს არის მიღწევა, რომლითაც დღეს სარგებლობს საქართველოს ასიათასობით და მილიონობით მოქალაქე. ბუნებრივია, მათი მცდელობა დღესაც წარუმატებელი იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, დეკლარაცია პარტიული დოკუმენტი არ არის და მისი მიუღებლობა „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემას არ ქმნის, ასევე არც სახელმწიფოსთვის შექმნის პრობლემას.
„ამ დოკუმენტის არმიღება არ არის არავითარი პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“, ეს არ იყო პარტიული დოკუმენტი და არც სახელმწიფოსთვის შექმნის ეს არავითარ პრობლემას. ბუნებრივია, საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროინტეგრაციის კუთხით და კვლავაც დარჩება ლიდერად ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. უბრალოდ ამ დღეებში ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი სახე და გამოავლინა, რომ ისინი მზად არიან, საკუთარი სუბიექტური, პოლიტიკური ინტერესებისთვის ევროინტეგრაციისთვიისაც კი სცადონ დაბრკოლების შექმნა, ეს არის მათი სახე. ძალიან კარგად ამართლებს ეს პოლიტიკური პარტია, ერთ-ერთი დანაყოფი საკუთარ სახელს, ეს პოლიტიკური ძალა თავისი „ნაცმოძრაობით“ არის ნამდვილად ანტიევროპული საქართველო და ეს სახელი მათ ნამდვილად დაიმსახურეს, თუმცა არაფერი გამოუვათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დეპუტატის თქმით, მათი მცდელობა, შეფერხდეს საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის კუთხით, განწირულია წარუმატებლობისთვის.
„საბოლოო ჯამში, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, შესაბამისი ჩანაწერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად შესრულდება ყველა ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან. ეს გახდება მყარი საფუძველი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მივაღწიოთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს მიზანს, რაც არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ნატო-ში ინტეგრაციასთან ერთად, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.