ირაკლი კობახიძე - პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლას ველოდებით და ამიტომ არ ვიწყებთ საგამოძიებო კომისიის ამოქმედებას
ველოდებით ოპოზიციის შემოსვლას პარლამენტში, ამიტომ არ ვიწყებთ საგამოძიებო კომისიის ამოქმედებას, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„გვინდა, რომ ოპოზიციასთან ერთად ჩავხედოთ ამ ყველაფერს. როდესაც საუბარია რაღაც ზოგადი ფრაზებით, მათ შორის კონკრეტულ ანგარიშებში – ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა და ა.შ. – შევისწავლოთ ეს ყველაფერი. არის ერთ-ერთი ანგარიში, სადაც თავში წერია, რომ არის მოსყიდვის ფაქტები. თუ ჩაუღრმავდებით ანგარიშს, არის შვიდი ფაქტი, სადაც ორი ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“ და ხუთი ოპოზიციას.
საუბარია ერთ-ერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანოზე. თანხის გადაცემა არ ნიშნავს დადასტურებულ ფაქტს. ეს არის გამოსაკვლევი, ხომ უნდა დადასტურდეს, რომ ამ ხუთი ლარის გადაცემა იყო ყოფითი გარემო პირობების გამო თუ მოსასყიდად. მნიშვნელოვანია, მოსყიდვის ფაქტებს ჩავუღრმავდეთ, ვის ეკუთვნოდა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები და რა მოცულობაზეა საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.