ირაკლი კობახიძე - პარლამენტში განხორციელებული პროვოკაცია არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, ყველაზე სამწუხაროა, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის
ირაკლი კობახიძე - პარლამენტში განხორციელებული პროვოკაცია არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, ყველაზე სამწუხაროა, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მას ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება უწოდა.

კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ შშმ პირები გამოიყენეს პროვოკაციისთვის.

„მინდა, გამოვეხმაურო პროვოკაციას, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი. ყველაზე სამწუხაროა, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შშმ ბავშვებს ამისთვის გამოყენება“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, განხორციელდა პროვოკაცია, რომელსაც ტაშით შეხვდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მთელი რადიკალური ოპოზიცია, რაზეც მათ სათანადო პასუხი მიიღეს.

„ძალიან კარგად შეირგეს პასუხი, რადგან იციან, რომ არ არიან მართლები. ეს იყო და ეს. არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა. მათ მიიღეს სათანადო სიტყვები და ეს ძალიან კარგად შეირგეს, რაც სწორია, რადგან ისინი არ არიან მართლები, მეტი არაფერი ყოფილა. რაც შეეხება თვითონ კოორდინაციას, მინდა, გითხრათ, რომ იგივე კუპიურები იყო აქ ზუსტად გადმოყრილი, რაც მანამდე რამდენიმე დღის წინ. სიმბოლურია, რომ ეს იყო 5 000-რუბლიანი კუპიურები. ისიც სიმბოლურია, რომ მანამდე ხოშტარიას ჩაერიცხა 5 მილიონი რუბლი. საერთო კოორდინაციაა და ეს ძალიან კარგად ჩანს. იქ იყო სამი, თუ ოთხი „გირჩელი“ მოსული „ფორმულასთან“ ერთად. ანუ, „ფორმულამ“ დაგეგმა პროვოკაცია და ამისთვის მიიყვანეს მასთან აფილირებული „გირჩელები“. სამი, თუ ოთხი კაცი იყო მთლიანად მოსული. მათი სახე ნახეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში რაც მოხდა, ეს იყო პოლიტიკურად დაგეგმილი, კოორდინირებული ქმედებები.

„დღევანდელი პროვოკაციის ავტორების სახე ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ. ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკურად დაგეგმილი, კოორდინირებული ქმედებები, რაც არის პირდაპირ აკერმანის სახელმღვანელოში წარმოდგენილი. მტკიცებულება გვაქვს ის, რომ ისინი არიან პირდაპირ აქტივისტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავდროულად, კობახიძემ ერთ-ერთ ჟურნალისტს კითხვის შემდეგ უთხრა, რომ სირცხვილია საუბარი, თითქოს შშმ პირებმა გადმოყარეს რუბლები. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის დარბაზში რუბლები გადმოყარა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტმა.

„შშმ პირებმა გადმოყარეს რუბლები? სირცხვილია, რასაც ამბობ. რას აზუსტებ, სირცხვილია. ახლა რაც წამოგცდათ, ეს არის სირცხვილი. არაფერს არ აზუსტებთ, თქვენ ზუსტად იგივე გააკეთეთ, რაც გაკეთა იმ ქალმა, რომ შშმ პირები აიფარეთ ამ პროვოკაციის გასამართლბლად, თქვენ თქვით ეს. თქვენ თქვით, რომ შშმ პირებმა გადმოყარეს რუბლები, რუბლები გადმოყარა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტმა. თქვენ თქვით, რომ შშმ პირებმა გადმოყარეს რუსული რუბლები, ეს აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის ბუნებას და ასეთი რაღაც რომ წამოგცდება, შემდეგ ბოდიში უნდა მოიხადო, ეს არ იყო კითხვა. სახელი და გვარით ვიცით, რომ აქტივისტია, ის ადამიანებიც, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აწყობდნენ პროვოკაციას, ისინიც არიან აქტივისტები, ამას არ მალავენ, ჩვეულებრივად შემდგარი ფაქტია. როდესაც სცადეთ, შშმ ბავშვები აგეფარებინათ ამ პროვოკაციისთვის, ეს უბრალოდ არასწორია. თქვენ ხართ ამ ლიბერალური ფაშიზმის გავლენის ქვეშ და გირჩევთ, „ნაცმოძრაობას“ ჩამოშორდეთ. თქვენ თქვით ტყუილი, ძალიან მძიმე რამ თქვით. ამოიღეთ კადრები, თქვენ თქვით, თითქოს შშმ პირებმა გადმოყარეს რუსული რუბლები. რეალურად, სქემა არის ასეთი – 5 მილიონ რუბლს იღებს ელენე ხოშტარია და არავის რეაქცია არ აქვს. რატომ არ გაქვთ რეაქცია ელენე ხოშტარია როცა იღებს 5 მილიონ რუბლს, თვითონ ხომ დაადასტურა, ოჯახმა დაადასტურა, მან მიიღო 5 მილიონი რუბლი, ეს ერთი; მეორე – ის ამტკიცებს, რომ არის ანტირუსი, ეს ხომ შეუთავსებელია, მაშინ მითხარით, დამიდასტურეთ აქ. რატომ არ გსურთ, იცით? ეს არის „ნაცმოძრაობის“ მხილება და ამიტომ. სხვა რამეები ხომ გაინტერესებთ? „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს არ აინტერესებთ ის, რომ ხოშტარია იღებს 5 მილიონ რუბლს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რატომ არ გაინტერესებთ? „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს რატომ არ გაინტერესებთ, რომ ხოშტარია იღებს 5 მილიონ რუბლს რუსეთის ბიუჯეტიდან? დაადასტურა და რატომ არ გაინტერესებთ? ამას ხომ უყურებს საზოგადოება, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე. ისინი ვითომ არიან ანტირუსები და ა.შ. სინამდვილეში სწორედ „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა თავის დროზე ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას, მათ ჩააბარეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები რუსეთის ფედერაციას და მათ არ აღელვებთ, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 5 მილიონ რუბლს იღებს დღეს რუსეთის ბიუჯეტიდან. ეს ნიშნავს, რომ არის ფარისევლობა. სინამდვილეში, ვის მხარეს არის რუსული რუბლები, ეს თქვენ არ გაინტერესებთ, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რუსული რუბლები არის „ნაცმოძრაობის“ მხარეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს ინციდენტი მოხდა. პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი შეძახილით – „არა რუსულ კანონს“. ამასთან, მან დარბაზში სავარაუდოდ რუსული რუბლები გადმოყარა.