ირაკლი კობახიძე - პარლამენტში დეპუტატების სხდომებზე დასწრების კუთხით სურათი თებერვლიდან რადიკალურად შეიცვლება
პარლამენტში დეპუტატების სხდომებზე დასწრების კუთხით სურათი თებერვლიდან რადიკალურად შეიცვლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„დაგეგმილი გვაქვს, მათ შორის, რეგლამენტში ცვლილებები. გვინდა შემოვიღოთ რეგისტრაციის სავალდებულო წესი. დარბაზში რამდენი დეპუტატიც არ უნდა იჯდეს, რეგისტრაცია რეგლამენტით განსაზღვრულ დროს ჩატარდება და ასევე კონკრეტულ განსაზღვრულ დროს განმეორდება, რაც დაგვიანების პრობლემას მოხსნის“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, სანქციების ამოქმედება ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმისათვის, რათა პარლამენტში დისციპლინის უკეთ უზრუნველვყოფა მოხდეს.
„რაც შეეხება ბარათების გამოყენებას, პირადად ჩემი პოზიცია აქაც პრინციპულია. არცერთი სხდომა არ გაიხსნება, ასევე არ ჩატარდება არცერთი რეგისტრაცია და კენჭისყრა ისე, თუ დარბაზში 76 დეპუტატი ფიზიკურად არ ზის. ამ საკითხების მოწესრიგება მარტივად შეიძლება. 2017 წელს შედარებით ლოიალური მიდგომა გვქონდა, რომელიც 2018 წლიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„მოამბის“ ჟურნალისტის, თეონა მანაგაძის შეკითხვაზე, რატომ მოხდა ისე, რომ 2017 წელს მიღებული 486 კანონპროექტიდან 366 მთავრობამ შეიტანა, ხოლო დეპუტატებმა და კომიტეტებმა მხოლოდ 120 კანონპროექტი მოამზადეს, აქვთ თუ არა დეპუტატებს ამბიცია, საკანონმდებლო მუშაობაში უფრო აქტიური იყვნენ და კანონპროექტები მოამზადონ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს პრაქტიკა ევროპული ქვეყნების პრაქტიკას შეესაბამება.
„ინიციატივების კუთხით ევროპულ ქვეყნებშიც მთავრობა დომინირებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. პირიქით, ჩვენთან საპარლამენტო ინიციატივების პროპორცია საკმაოდ მაღალია. ინიციატივებში საპარლამენტო წილი წინა წლებთან თვისებრივად გაზრდილია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი გუნდი საკმაოდ ამბიციურია და საკუთარ ინიციატივებზე ძალიან აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.