ირაკლი კობახიძე - პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ
პარლამენტში მიღებული რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება და დავგმეთ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და ე.წ. საზღვარზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ.
მისივე თქმით, რეზოლუციაში ასახულია ჩვენი მკაფიო ხედვა და მიდგომა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით.
„ჩვენ რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება და დავგმეთ: – რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, ჩვენი ისტორიული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და ე.წ. საზღვარზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა: ჩვენი მოქალაქეების – გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, ქართული სოფლების განადგურება, ქართული ეკლესიების დაზიანება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა. იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა. რეზოლუციით ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ რუსეთის ფედერაციისგან, ხელი არ შეუშალოს გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, ხელი არ შეუშალოს სამართლის აღსრულებას გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შეწყვიტოს ჩვენი ისტორიული რეგიონების უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები. შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, უზრუნველყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებას, რომელშიც შეყვანილი იქნებიან საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.
„ამ პირთა მიმართ უზრუნველყოფილი იქნება როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სანქციებისა და შეზღუდვების ამოქმედება”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი დღეს 106 ხმით დაამტკიცა.