ირაკლი კობახიძე - პარლამენტმა დაამტკიცა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის შეფასებული თითოეული მიმართულება, რაც უკავშირდება სასამართლო სისტემის მუშაობას
ირაკლი კობახიძე - პარლამენტმა დაამტკიცა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის შეფასებული თითოეული მიმართულება, რაც უკავშირდება სასამართლო სისტემის მუშაობას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც პარლამენტმა შეიმუშავა და დაამტკიცა.

„შემდეგი პრიორიტეტი ეს არის სასამართლო სისტემის საკითხები. პარლამენტმა შეიმუშავა და დაამტკიცა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, იურიდიული კომიტეტი მუშაობდა ამ საკითხზე. ჩვენ ვთხოვეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას თავის დროზე, საკუთარი დოკუმენტი წარმოედგინათ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩართულობა ამ პროცესში მათი მხრიდან იყო საკმაოდ სუსტი, ჩვენ ვთხოვეთ თითოეულ მათგანს წარმოედგინათ საკუთარი სტრატეგია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ერთადერთი იყო, თუ სწორად მახსოვს, პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, რომელმაც წარმოადგინა რამდენიმეგვერდიანი დოკუმენტი. საბოლოო ჯამში, დაახლოებით ასგვერდიანია ის დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა იურიდულმა კომიტეტმა, სადაც დეტალურად არის შეფასებული თითოეული მიმართულება, რაც დაკავშირებულია სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან. რაც შეეხება ორგანულ კანონში ცვლილებებს, აქ მრავალი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები, დაიხვეწა დამატებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურა, ასევე, იმავე სტანდარტით დადგინდა პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა, ესეც იყო ვენეციის რეკომენდაციების ერთ-ერთი რეკომენდაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასამართლო აქტების გასაჯაროების კუთხით, საჯარო ინფორმაციის სტანდარტით გასაჯაროების კუთხით, ასევე დადგინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების, წევრობის კანდიდატების გაზრდილი ანგარიშვალდებულების წესი და ასევე შემოღებული იქნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებისთვის ეფექტიანი გასაჩივრების წესი, რაც ასევე ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო.

„განახლდა რეგულაციები ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რაც უკავშირდება მოსამართლეთა მივლინებას, გადაყვანას, ასევე მოსამართლეთა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ასევე მოწესრიგდა რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება დისციპლინურ წარმოებას მოსამართლეთა მიმართ. აქაც არის არაერთი ფუნდამენტური ცვლილება განხორციელებული, რაც უკავშირდება სასამართლო სისტემას. ასევე, მოგეხსენებათ, პირველი მოსმენით იქნა მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან, დროებით წესთან, რომელზეც შედგა, საბოლო ჯამში, კონსესუსი, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ არის, საბოლოო ჯამში, მაინცდამაინც საინტერესო და ხშირ შემთხვევაში მისაღები ის ნორმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ამიტომ ჩვენ ვითხოვეთ, რომ დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს ევროკომისიასთან იმისათვის, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, ჩვენ ავირჩიეთ სამი წევრი. საკმაოდ რთული პროცესი იყო, ორი წევრი კვლავაც ასარჩევია, ვნახოთ, როგორ წარიმართება სამომავალოდ ეს პროცესი, მაგრამ მთლიანად სასამართლოს ნაწილშიც განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.