ირაკლი კობახიძე - პარლამენტის დისტანციურ მუშაობაზე გადაწყვეტილება ყველა საკითხის გაანალიზების შემდეგ უნდა მივიღოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს დისტანციური მუშაობის კუთხით მნიშვნელოვანია საკითხის შინაარსობრივი მხარე, რადგან წარმომადგენლობითი ორგანოები ტრადიციული შეკრების ფორმით მუშაობენ.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, დისტანციური მუშაობის საკითხი ზედმიწევნით გასაანალიზებელია იმ თვალსაზრისითაც, რაც დაკავშირებულია კონსტიტუციურობასთან.
„ასევე უნდა გავითვალისწინოთ, თავად წარმომადგენლობითი ორგანოს არსი და მისი ფორმის სტანდარტული წესი რა არის. ასევე, კიბერსაფრთხეებზეც უნდა ვიმსჯელოთ. ამ ყველაფერს გავიაზრებთ და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას მივიღებთ. მაგალითად, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ პარლამენტი იკრიბება. ტერმინი – შეკრების სხვაგვარი განმარტება შეიძლება არ იყოს თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან. ამას უნდა ჩავუღრმავდეთ და ამ ტერმინის შინაარსი გავაანალიზოთ. ეს არ არის მარტივი საკითხი“, – აღნიშნავს კობახიძე.
დეპუტატის თქმით, დისტანციური მუშაობისთვის უნდა შეიქმნას შესაბამისი პროგრამა, რაც არის ტექნიკური მხარე.
„ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილება რომც მივიღოთ, სასწრაფო წესით ვერ ამოქმედდება, ამას დასჭირდება სათანადო პლატფორმისა და პროგრამის შექმნა. ბუნებრივია, ეს ვადები უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამის პროექტში. რაც შეეხება ჩანაწერს ობიექტური გარემოებების თაობაზე, დღეს კანონპროექტში მითითებულია, რომ მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება დისტანციური ფორმით საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, ამის იქით არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს, თუმცა, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროსაც რჩება რისკები და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოების არსებობისას, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის საქმიანობა შეიძლება, წარიმართოს დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.