ირაკლი კობახიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობები. მზარდია ეს კავშირები, ასევე, ურთიერთობები განათლების კულტურის სფეროში გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, თუმცა, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით.

დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საფრანგეთთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მიზანი, როგორც მოგეხსენებათ, არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ კუთხითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და რა თქმა უნდა, როცა საუბარი გვაქვს ჩვენს კოლეგებთან, ყურადღებას ვამახვილებთ ამ ასპექტზეც. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საფრანგეთის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით და ამ მიმართულებითაც გვაქვს დისკუსია ჩვენს ფრანგ კოლეგებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრის მნიშვნელობა. ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის დღევანდელი დღე ემოციური იყო.

„ზოგადად, როდესაც გვაქვს ასეთი ვიზიტები, შესაძლებლობას არ ვუშვებთ ხელიდან, რომ შევხვდეთ დიასპორის წარმომადგენლებს. საფრანგეთში მოტივაცია არის განსაკუთრებული, გამორჩეულია ჩვენი ფრანგული სათვისტომო პირველ რიგში იმით, რომ მისი წარმომადგენლები არიან ჩვენი გამორჩეული წინაპრების შთამომავლები.

დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ თვითმყოფადობას და დღევანდელი დღე ამ კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებიც მიმოიხილა და ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა მნიშვნელოვანი იქნება ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების მხრივ.

„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ გადავალთ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების შედარებით მშვიდ რელსებზე. გვაქვს უამრავი სირთულე, უამრავი გამოწვევა ყველა მიმართულებით. აქტიურ რეჟიმში მიდის ამაზე მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა, საფრანგეთის მხარდაჭერა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა დიასპორასაც შეუძლია. დიასპორის წარმომადგენლები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ელჩები შესაბამის ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, გვაქვს თქვენი დიდი იმედი, რომ თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენი ინტერესების საერთაშორისო დონეზე გატანაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.