ირაკლი კობახიძე პარალიმპიურ ნაკრებს მიმართა - პარიზის პარალიმპიადაზე თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს
ირაკლი კობახიძე პარალიმპიურ ნაკრებს მიმართა - პარიზის პარალიმპიადაზე თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს

თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარალიმპიურ თამაშებზე, თუმცა, ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარალიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პარალიმპიურ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია, წარმატებები გისურვოთ პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე. თქვენ ძალიან დიდი მისია გხვდათ წილად პარიზის პარალიმპიადაზე, თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ჩვენი ხალხის, ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს.

ეს არის ძალიან დიდი პატივი, რომელიც თქვენ თავდაუზოგავი შრომით მოიპოვეთ და თქვენ შეძელით შეუძლებელი სპორტული მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე. თქვენ ისეთი გამოწვევები გადალახეთ, რომლებიც შეიძლება, ბევრისთვის იყო თავიდან წარმოუდგენელი, თუმცა თქვენი ნიჭიერებით, ნებისყოფით ყველას აჩვენეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და ნებისმიერი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. შესაბამისად, თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარალიმპიურ თამაშებზე, თუმცა, ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარალიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის.

მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები გისურვოთ. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის მზერა იქნება მიმართული პარიზისკენ და თქვენი ასპარეზობისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.