ირაკლი კობახიძე - პარალელური დათვლა მაშინ შეიძლება გამოქვეყნდეს, თუ არის გაყალბება, თუ ემთხვევა ცესკო-ს, ფასი არ აქვს, ეს არის ISFED-ის დამოკიდებულება საკუთარი პარალელური დათვლის მიმართ
პარალელურ დათვლას, ე.წ. პივიტის, რა ფასი აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის, პარალელური დათვლა მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოქვეყნდეს, თუ ის არის გაყალბებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კობახიძის თქმით, ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დამოკიდებულება საკუთარი პარალელური დათვლის მიმართ.
„რაც შეეხება პარალელურ დათვლას, ე.წ. პივიტის, რა ფასი აქვს პივიტის, თუ ის გაყალბებული არ არის. პარალელური დათვლის შედეგები მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოქვეყნდეს, თუ ის არის გაყალბებული, თუ არის ხელოვნურად აცდენილი ცესკო-ს შედეგებს. თუ ის ემთხვევა ცესკო-ს შედეგებს, მაშინ მას არავითარი ფასი არ აქვს და, შესაბამისად, არც უნდა გამოქვეყნდეს. ეს არის ამ „ენჯეოს“ დამოკიდებულება საკუთარი პარალელური დათვლის მიმართ, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერმა.