ირაკლი კობახიძე - ოთხჯერ მეტი ხარჯი ნიშნავს, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი
როდესაც პრეზიდენტი ცარიელ მაცივარზე საუბრობს, ეს არის რეალურად ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა. ან როცა შენ საუბრობ ცარიელ მაცივარზე, ოთხჯერ მეტი ხარჯი არ უნდა გქონდეს იმ გაჭირვებული ადამიანის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები მიზანშეუწონლად გაბერილია.
„მახსოვს, ბატონი პრეზიდენტი საუბრობდა ეკონომიკასთან დაკავშირებით. მის გამოსვლაზე აღარ შევჩერდები, აბსოლუტურად სუსტი იყო. ეკონომიკაზე როცა საუბრობ, არგუმენტებით უნდა დაასაბუთო, რომ მთავრობის საქმიანობა არის ეფექტიანი ან არაეფექტიანი. მაგრამ, როცა შენ სპეკულირებ იმით, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უჭირს საქართველოში, რაც რეალობაა, ცარიელ მაცივრებზე როცა საუბრობ, მეორე მხრივ, არ უნდა წევდე ისეთ ხარჯებს, როგორსაც წევ. არ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი ოთხჯერ მეტს იხდიდეს სასტუმროს ნომერში, ვიდრე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი სხვა დეპუტატი. ეს არის რეალობა – ოთხჯერ მეტი ხარჯი. ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის რეალურად ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა. როცა შენ საუბრობ ცარიელ მაცივარზე, ოთხჯერ მეტი ხარჯი არ უნდა გქონდეს იმ გაჭირვებული ადამიანის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით, შენს ადმინისტრაციას არ უნდა აქეიფებდე საბიუჯეტო რესურსებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.