ირაკლი კობახიძე - ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია ცხრა პრიორიტეტის შესრულებასთან, ეს სამოქმედო გეგმა გაეგზავნება ევროკომისიას
რამდენადაც ვიცი, მთავრობაში ორშაბათს გაიმართება შეკრება და ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია ცხრა პრიორიტეტის შესრულებასთან, ეს სამოქმედო გეგმა ასევე გაეგზავნება ევროკომისიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება სამუშაო ფორმატების შექმნა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოლოდინი პესიმისტურია, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ პროცესებში ჩაერთვებიან.
„ალბათ იქნება კონსულტაციები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიიღოს საბოლოო სახე. ამის შემდეგ უკვე შეიძლება, დაიწყოს უშუალოდ სამუშაო პროცესი ცხრა პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. სამოქმედო გეგმა აუცილებლად გაითვალისწინებს შესაბამის ფორმატებსაც, რაც დაკავშირებული იქნება კონსულტაციებთან. საუბარია როგორც პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებზე, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებზე. სამოქმედო გეგმა იქნება ისეთივე დეტალური, როგორიც იყო თავის დროზე 12 პრიორიტეტთან დაკავშირებული გეგმა. ეს ნიშნავს იმას, რომ გაწერილი იქნება როგორც აქტივობები, ასევე პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები. ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება სამუშაო ფორმატების შექმნა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით.
ცოტა პესიმისტური მოლოდინები გვაქვს. თავის დროზე შევქმენით სამუშაო ჯგუფები, როცა დავიწყეთ მუშაობა 12 პრიორიტეტზე ზაფხულში, 2022 წელს და მაშინ ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, ჩართულობაზე. ეს არის სამწუხარო გამოცდილება, რაც გვაქვს. აქედან გამომდინარე, მოლოდინებიც არის, სამწუხაროდ, პესიმისტური. თუმცა, არ ვიცი, დავიტოვოთ იმედი, რომ გარკვეულ პროცესებში ისინი ჩაერთვებიან“, – განაცხადა კობახიძემ.